მოლაპარაკების ჩავარდნის მიუხედავად, ხელისუფლება მზადაა შეასრულოს რამდენიმე პუნქტი

© press-service of party "Georgian Dream" მოლაპარაკების ჩავარდნის მიუხედავად, ხელისუფლება მზადაა შეასრულოს რამდენიმე პუნქტი
მოლაპარაკების ჩავარდნის მიუხედავად, ხელისუფლება მზადაა შეასრულოს რამდენიმე პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
პარლამენტის კარი ღიაა ყველა კონსტრუქციული პარტიისთვის და „ქართული ოცნება“ მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები, განაცხადა კობახიძემ

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ოპოზიციასთან მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის ჩავარდნის მიუხედავად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შეასრულებს იმ დოკუმენტის რამდენიმე პირობას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა, განაცხადა პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

კრისტიან დანიელსონმა „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მეორე შეხვედრაზე წარმოადგინა სპეციალური კომპრომისული შეთანხმება, რომელსაც მხარეები არ დაეთანხმნენ.

მოლაპარაკებების პროცესი კრისტიან დანიელსონის მედიაციით - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
დანიელსონი: ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო

„ბატონი დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი ასახავდა წინადადებებს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ განსაზღვრულ ყველა საკითხზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, პირველი საკითხი საარჩევნო რეფორმას შეეხო. კერძოდ, ესაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირება, საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების უფრო ფართო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საარჩევნო სისტემის თვისებრივი გადასინჯვა და საარჩევნო ბარიერის შემცირება, საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის გაზრდა, ასევე საარჩევნო უბნების 10%-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავტომატური გადათვლა.

ასევე, საუბარი შეეხო საარჩევნო უბნების გარშემო 100-მეტრიანი რადიუსის დაწესებას, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას.

„ეს პაკეტი იყო კომპლექსური და ითვალისწინებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს საკუთარი პასუხისმგებლობით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან შეთანხმების გარეშეც განახორციელებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მეორე პუნქტი, რომელსაც შეასრულებს „ქართული ოცნება“, იქნება სასამართლო რეფორმა. კერძოდ, მმართველი პარტია იღებს პასუხისმგებლობას საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინკლუზიური ფორმით არჩევაზე.

გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ჩართავს საერთაშორისო ექსპერტებს სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შესწავლაში და მათი დასკვნების საფუძველზე მოხდება შემდგომი სასამართლო რეფორმების დაგეგმვა-გატარება.

„ამასაც ასევე გავაკეთებთ საკუთარი პასუხისმგებლობით და არ გვჭირდება შეთანხმება ოპოზიციასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

სადავო საკითხები

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია იყო მზად მიეღო ამნისტიის კანონი 2019 წლის 20 ივნისის მონაწილეებისათვის იმ პირობით, თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.

„ამ შეთავაზებაზეც უარი თქვა ოპოზიციამ“, - განაცხადა კობახიძემ.

კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
მცდელობა №2: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ

მეორე პუნქტი, რომელმაც, კობახიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან უთანხმოება გამოიწვია, იყო „ქართული ოცნების“ წინადადება ოპოზიციისთვის უფრო მეტი ძალაუფლების მინიჭების შესახებ.

კერძოდ, კობახიძის თქმით, ოპოზიციას შესთავაზეს ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობის 7-დან 4 დეპუტატამდე შემცირება, და ასევე თანამდებობები ხუთ საპარლამენტო კომიტეტში.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა პირობების ძალზე ფართო პაკეტი და ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ოპოზიციას უნდა შეესრულებინა ერთადერთი პირობა - მათ უარი უნდა ეთქვათ სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟზე და უნდა შესულიყვნენ პარლამენტში. თუმცა, ოპოზიციამ უარი უთხრა შეთანხმებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის კარი ღიაა ყველა კონსტრუქციული პარტიისთვის და ხელისუფლება მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0