04:46 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (306)
73 0 0

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაიმართება, რაც OSCE/ODIHR-ის ან ვენეციის კომისიის პოზიცია გახდება ცნობილი.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას ვენეციის კომისია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები გასული წლის დეკემბერში პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, კანონპროექტის შემდგომი განხილვა OSCE/ODIHR-ის ან ვენეციის კომისიის დასკვნამდე შეჩერდა.

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ვენეციის კომისიას ის ორი სადავო კანონპროექტი გადაუგზავნა, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება (საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი; საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება).

ძირითადი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის. მმართველი გუნდის კანონპროექტის მიხედვით, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი დეპუტატების მინიმუმ ნახევარი უარს არ იტყვის მანდატებზე. 

პარტია ასევე ვერ შეძლებს წლიური დაფინანსების მიღებას, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტის წინა სესიის ყველა სხდომას არასაპატიო მიზეზით გააცდენს. დაფინანსების გარეშე დარჩება აგრეთვე ბლოკში შესული პარტია, თუ მისი დეპუტატების ნახევარი პარლამენტში არ შევა, ან თუ პარლამენტში შესული პირები წინა ექვსი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენენ პარლამენტის სხდომებს. ამასთან ერთად, პარტიები, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდებათ, ვერ შეძლებენ ახალი საარჩევნო კამპანიის პერიოდში უფასო საეთერო დროით სარგებლობას.

კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

საქართველოს პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო>>>

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ეს პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (306)

მთავარი თემები