ცნობილია, როდის გამოუცხადებს პარლამენტი ნდობას ახალ მინისტრთა კაბინეტს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ავტომატურად გადადგა.

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 21 დეკემბერს დაიწყება და 24 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება. ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მეათე მოწვევის პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დღეს გააცნო. ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის ბიუროს წარედგინა, რომელმაც უკვე შეიმუშავა განრიგი.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს

ამ განრიგის მიხედვით, მოსმენები კომიტეტებში 21 დეკემბერს დაიწყება. ამასთან გაიმართება თემატური კომიტეტების გაერთიანებული სხდომებიც. 23 დეკემბერს მთავრობის წევრობის კანდიდატები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდებიან, 24 დეკემბერს კი პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს ეყრება კენჭი. 

აღსანიშნავია, რომ მომავალ მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი ახალი სახეა. კერძოდ, ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის პორტფელს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს, რომელიც 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება უწყების ყოფილ ხელმძღვანელ თეა წულუკიანს, ის, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. 

მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილი  არიან: 

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
  • თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.

ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0