პარლამენტში დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ

გამოწერა
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ გეგმავენ.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში დღეს 15 პროფილური კომიტეტიდან ხუთი პირველ სხდომას გამართავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ .

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო, საპროცედურო საკითხთა და წესების, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების სხდომებზე დეპუტატებმა უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ კომიტეტების დებულებები, ასევე აირჩიონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები. ოპოზიციის ბოიკოტიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ყველა კომიტეტში ვაკანტური დარჩება მათთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის კვოტა. კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პროცესი პარლამენტში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე პარლამენტის გეგმებზე: ჩვენ ახლა ორი მთავარი ამოცანა გვაქვს

კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის შემდეგ პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიუბრუნდება. ბიუჯეტის პროექტის განხილვა წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო. მთავრობის მიერ გადამუშავებული დოკუმენტის ვარიანტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის ბოლომდე მოხდება.

რაც შეეხება მთავრობის ფორმირებას, ამ საკითხზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.

ახალი მთავრობის დაკომპლექტება და მისთვის ნდობის გამოცხადება ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს. ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. უკვე ცნობილია, რომ პრემიერის პოსტს ისევ გიორგი გახარია დაიკავებს.

ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა. სხდომას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილი თავისუფალი იყო. პარლამენტში მოხვედრილი რვა ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

პირველ სხდომაზე კანონმდებლებმა პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები, კომიტეტებისა და ფრაქციის თავმჯდომარეები აირჩიეს.

დღეს ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები კანონმდებლებისთვის ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას ისევ გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0