პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ

© Sputnik / STRINGERოპოზიციის საპროტესტო აქცია
ოპოზიციის საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია უკვე სამი კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავს და საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად მზად არიან, მაგრამ მთავარ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებენ.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტში შესულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს – უარი თქვეს დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ. მათ მხარეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვიეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები საერთოდ არ შეცვლილა.

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მას საერთოდ არ მოსწონს პროტესტის ფორმა, როდესაც პარლამენტის ბოიკოტირება უწევს, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს მათ არ უტოვებს.

„ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი საპარლამენტო ბოიკოტები. მეც არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები შეხედულებას, რომ უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ეს ახალი პატიოსანი არჩევნების შედეგებით უნდა მოხდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას აზრით, პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე მოქმედ ხელისუფლებას აკისრია.

საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
ბოიკოტი, კრიზისი და არჩევნები: როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

„ეს არ არის ის თემა, სადაც კომპრომისი შეიძლება მოხდეს გაყალბების მიღების ხარჯზე. ხომ შეუძლებელია თქვა, რომ ცოტა გაყალბებაზე დავთანხმდები და ბევრზე არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება – რიგგარეშე არჩევნები“, – განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

ჩვენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბსოლუტურად ლოგიკურად ველოდებით მოქმედებებს ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთსა და იმავეზე საუბარს აზრი არა აქვს – როდესაც იქნება წინადადებები, იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინიც, მათი თქმით, მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და მიიჩნევენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. თუმცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობას ისინი არ აპირებენ. მმართველი პარტიის ურყევი პოზიცია ამ თვალსაზრისით პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დესტრუქციას. ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ოპოზიციას ურჩევს, კარგად გააანალიზოს ევროპელი პარტნიორების პოზიცია, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი>>

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0