შსს: ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ე.წ. სირცხვილის დერეფნები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

© photo: Sputnik / Stringerშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებაში მიიჩნევენ, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების მხრიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ ზემოქმედებს ამომრჩეველზე.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. 21 ნოემბერს, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით სრულად იქნებიან მობილიზებული და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

სახალხო დამცველის აპარატი: ე.წ. სირცხვილის დერეფანი ამომრჩეველზე ზეწოლაა>>

მისი თქმით, უწყება უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

გამართულ ბრიფინგზე საბანაძე ასევე გამოეხმაურა ბოლო დროს პოლიტიკური ჯგუფების მიერ საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება თავისი შინაარსით აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს“, – განაცხადა საბანაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო
მომხრეები და მოწინააღმდეგეები - ქართულ ოპოზიციაში ახალი უთანხმოება გაჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ხოლო მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში პოლიცია მყისიერად იმოქმედებს დანაშაულის აღკვეთასა და გამოვლენაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 21 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების დღეს კი შსს პერიოდულად მოახდენს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევების ფაქტებზე.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში საპროტესტო აქციებს აწყობს.

ოპოზიციის აქცია ცესკოსთან - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურზე ე.წ. სირცხვილის დერეფნებს აღარ მოაწყობს

პირველი ტურის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა წინადადებით, რომ მეორე ტურის მიმდინარეობისას მოეწყოს ე.წ. სირცხვილის დერეფნები იმ ამომრჩევლებისთვის, ვინც მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა მოგვიანებით პარტიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველს ხელს არ შეუშლის, მაგრამ იქნება წერტილოვანი პროტესტი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ „სირცხვილის დერეფნები“ მაინც მოეწყობა, ოღონდ აჭარაში.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 ოლქშია დანიშნული, მათ შორის თბილისის რვავე საარჩევნო ოლქში.

ყველა ახალი ამბავი
0