დავით ბაქრაძე: ქართველი ხალხი ხელისუფლებას პასუხს მოსთხოვს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ხელისუფლება, რომელიც აყალბებს არჩევნებს და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს ძალას, არსებობას მალე დაამთავრებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ამ წუთებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დაძაბულობაა. პოლიციამ ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

„ჩვენი აქციები არის მშვიდობიანი და ჩვენი ბრძოლა სამართლიანი. აქ შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა, რისთვისაც მათ ქართველი ხალხი პასუხს მოსთხოვს. ჩვენი მიზანია ბიძინა ივანიშვილს არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის დანგრევის საშუალება. სიმართლე არის ხალხის მხარეს, ხალხი ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ქვეყანაში ნორმალიზაციას და ამას ხელისუფლება უპირისპირებს პოლიციის ძალას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართლი აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0