ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრი: გაიცანით მთავარი კანდიდატები

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა და გაერთიანებებმა ქვეყნის მთავარ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თავიანთი კანდიდატები წარადგინეს

ამაში სიურპრიზები არ ყოფილა: გახარია, სააკაშვილი, ვაშაძე, ნათელაშვილი, ხაზარაძე. ამომრჩეველი თითოეულ მათგანს კარგად იცნობს. 

გიორგი გახარია

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის თანამდებობაზე მთავრობის მოქმედი მეთაურის, გიორგი გახარიას კანდიდატურა წამოაყენა. წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც მას ეს პოსტი უკავია.  

გიორგი გახარია 2017 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მის სახელს უკავშირდება: თბილისში, პარლამენტის შენობასთან ივნისის აქციის დაშლა, სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, რა დროსაც 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა, ასევე ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის სკანდალური გამოძიება.

გახარია ასევე მუშაობდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად და ეკონომიკის მინისტრად, გარდა ამისა, გარკვეული დროის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენადაც მსახურობდა.

მანამდე, მრავალი წლის განმავლობაში, გიორგი გახარია მოსკოვში ცხოვრობდა, სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ბიზნესადმინისტრირების სკოლის მაგისტრი გახდა.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გახარია და „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, პენსიების 300 ლარამდე გაზრდას, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების გაზრდას ჰპირდებიან.

მიხეილ სააკაშვილი

გააანალიზა რა დადებითი და უარყოფითი მხარეები, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა წამოაყენა. ამჟამად ის საქართველოს მოქალაქე არ არის.  

© AP Photo / Virginia Mayoმიხეილ სააკაშვილი
ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრი: გაიცანით მთავარი კანდიდატები - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ დატოვა. ერთი წლით ადრე მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა.

დღეს სააკაშვილს ბრალი ედება რამდენიმე დანაშაულში, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება.

საქართველოდან გამგზავრების შემდეგ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკრაინაში გაგრძელდა. 2015 წელს ის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. პოროშენკოსთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა. 2017 წელს მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. მაგრამ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა 2019 წლის მაისში დაუბრუნა და მას რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნა.  

რვა წლის შემდეგ რევანშისა და ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას ნატოში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ აღმასვლას ჰპირდება. დაპირებათა შორისაა: მინიმალური პენსიის 400 ლარამდე გაზრდა, მედპერსონალის ხელფასების გაორმაგება, პენსიონერების, სოციალურად დაუცველებისა და ბავშვების დაზღვევა, ათასლარიანი დახმარება მესამე და ყოველ მომდევნო ბავშვზე.

გიორგი ვაშაძე

© photo: Giorgi Vashadze / FBგიორგი ვაშაძე
ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრი: გაიცანით მთავარი კანდიდატები - Sputnik საქართველო
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე ქართველი რეფორმატორი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია. აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. მის სახელს უკავშირდება სააკაშვილის მთავრობის არაერთი რეფორმა. ახლა ის ხელმძღვანელობს მოძრაობას „სტრატეგია აღმაშენებელი“.

გიორგი ვაშაძემ დანერგა ბიომეტრიული პასპორტების, ელექტრონული პირადობის მოწმობების, ციფრული ხელმოწერის სისტემები, პირადი პორტალი my.gov.ge. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე იგი კურირებდა იუსტიციის სახლის შექმნას, სადაც ყველაფერი „ერთი ფანჯრის“ პრინციპს ექვემდებარება. საქართველოს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი 2011 წლის ყველაზე წარმატებულ რეფორმად აღიარეს.

პრემიერობის შემთხვევაში ვაშაძე ამომრჩევლებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, 300 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას, სოციალურ რეფორმებს, მათ შორის, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას ჰპირდება.

მამუკა ხაზარაძე

© Sputnik / Vladimir Umikashviliმამუკა ხაზარაძე
ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრი: გაიცანით მთავარი კანდიდატები - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე დიდ პოლიტიკაში 2019 წლის ზაფხულში გამოჩნდა — მისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მას და ასევე ბადრი ჯაფარიძეს — „თი ბი სი ბანკისა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს — ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენა.

სკანდალის ფონზე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თი ბი სი ბანკში“ თანამდებობები დატოვეს და პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბეს.

ხაზარაძემ ქვეყნის მთავარი მტრების — „სიღარიბის, უმუშევრობისა და არაპროფესიონალიზმის“ დაძლევა გადაწყვიტა. მეტოქეების მსგავსად, ამომრჩევლებს ისიც სოციალური ფონის გაუმჯობესებას, 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებას, ევროპასთან საბორნე კავშირის გახსნას, რკინიგზის მოდერნიზებას ჰპირდება.

შალვა ნათელაშვილი

© photo: Shalva Natelashvili / FBშალვა ნათელაშვილი
ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრი: გაიცანით მთავარი კანდიდატები - Sputnik საქართველო
შალვა ნათელაშვილი

„მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, თუ ხალხის და ღმერთის ნება იქნება. შედეგად ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნებიან მშივრები, გაჭირვებულები, ღარიბები, უმუშევრები, უიმედოები, დეპრესიული ადამიანები, რომლებსაც ქვეყნიდან გაქცევა უნდათ“, — განაცხადა ნათელაშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტზე თავისი კანდიდატურის წარდგენისას.

გამარჯვების შემთხვევაში ნათელაშვილი ამომრჩევლებს დანარჩენი კანდიდატების მსგავს დაპირებებს აძლევს, რასაც ემატება შრომის საათობრივი ანაზღაურება, უფასო კვება სკოლებში და აშშ-ის სამხედრო ბაზების გახსნა საქართველოში.

პრემიერობის კანდიდატებს შორის შალვა ნათელაშვილი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია.  62 წლის ნათელაშვილი „ლეიბორისტულ პარტიას“ 1995 წლიდან უდგას სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0