თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით 31 ოქტომბრის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ–ჩატი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს პასუხის მიღებას არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება 08:30, 10:30, 12:30, 15:30, 17:30 და 20:30 საათზე. ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში განრიგი დაკორექტირდება.
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 852 საარჩევნო უბანი გაიხსნება. რაც შეეხება საკარანტინო სივრცესა და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ამომრჩეველს, მათთვის ცალკე შექმნილია 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრას და შედეგების დათვლას ცალკე სპეციალური ჯგუფი განახორციელებს.