NDI-მ საქართველოში საარჩევნო კამპანიის ხარვეზებზე მიუთითა

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) გაანალიზა საქართველოში საარჩევნო კამპანია და პროცესის ნორმალიზების მიზნით რეკომენდაციები გასცა

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა წინასაარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც საუბარია საარჩევნო კამპანიების აქტივობაზე, მედიის მუშაობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, დეზინფორმაციაზე სოციალურ ქსელებში და მასთან ბრძოლაზე,, ასევე მოყვანილია რამდენიმე რეკომენდაცია.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით გაიმართება - 120 დეპუტატი აირჩევა პარტიული სიით, 30 - ერთმანდატიან ოლქებში.

კორონავირუსის პანდემია. კონტროლი თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
რას სთავაზობენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას არჩევნების წინ

ბიულეტენი მოიცავს პერიოდს 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე. ორგანიზაციის მონაცემებით, დოკუმენტი ეფუძნება რვა საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფის ანალიზს. ექსპერტები საქართველოში მყოფი ასისტენტების დახმარებით აკვირდებიან ქართული საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო კამპანიებს, გენდერულ თანასწორობას პოლიტიკაში და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიასა და დეზინფორმაციას, ასევე აკვირდებიან საარჩევნო პროცესს.

დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს მედია გარემო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი, თუმცა მეტად პოლარიზებულია, რაც, შესაძლოა, მოქალაქეთა მიერ ინფორმირებული საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენდეს გავლენას“.

მასში ასევე ნათქვამია, რომ NDI-ს მიერ 2019 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 69%-მა განაცხადა, რომ ახალ ამბებს ძირითადად ტელევიზიით იგებენ. იმავე გამოკითხვით, მხოლოდ 32% მიიჩნევს, რომ ქართული ტელეარხები მოვლენებს მიუკერძოებლად აშუქებენ.

„ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები შეშფოთებას იწვევს. მათ შორისაა ისეთი ინციდენტები, როგორიცაა: საპროტესტო აქცია, რომლის გამოც პანკისში რადიო სადგური იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა მაუწყებლობა; ბოლნისში ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა; ორი ძალადობრივი დაპირისპირება მარნეულში, რომლის დროსაც რეპორტიორები და გადამღები ჯგუფის წევრები დაშავდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარტიების წინასაარჩევნო სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
შეხვედრები, კანდიდატები, გამოკითხვები, ანგარიშები - საქართველოს პოლიტიკური კვირის შედეგები

NDI -ის ბიულეტენში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მედიაში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ეროვნულ და ადგილობრივ დებატები და გადაცემები მოეწყო. თუმცა, მედიის ბევრი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დებატებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ 15 ოქტომბერს გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული მედია საშუალებების უმეტესობა - განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ოპოზიციურად ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილად მიიჩნევა, აცხადებს, რომ მმართველი პარტია თავიდან არიდებდა ან სრულიად უგულებელყოფდა მათ.

NDI-თან საუბარში სხვადასხვა პარტიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ უნდობლობა გამოთქვეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში სოციალური ქსელები ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, რაც, თავის მხრივ, ონლაინ-მანიპულაციებისთვის მოწყვლადობას ზრდის.

ტელევიზორის პულტი - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო პერიოდში რომელი კომპანიის კვლევებს ენდობიან საქართველოში?

„მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, ახლახან დეზინფორმაციის გამავრცელებელი მასშტაბური შიდა ქსელები გააუქმა, მაინც მოქმედებს სხვა გარე და შიდა ზემოქმედების სქემები. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ანგარიშის მიხედვით, Facebook-ს საზაფხულო საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად 17 პოლიტიკური პარტია და 117 მაჟორიტარობის კანდიდატი იყენებდა. კანდიდატები იყენებენ Facebook-ს ამომრჩევლებთან პირდაპირი ურთიერთობისთვის, წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, ტელევიზიაში გაშუქებული ონლაინ-დისკუსიებისა და თავიანთი გამოსვლების ან ამომრჩევლებთან შეხვედრების ფოტოების გასაზიარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

იმავე ანგარიშის მიხედვით, ქსელში დისკრედიტირებულია როგორც მმართველი, ისე სამი ოპოზიციური პარტია. გამონაკლისია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ამ ანონიმური გვერდების მიზანს არ წარმოადგენს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არსებული საკანონმდებლო მექანიზმების მიუხედავად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირთა და ლგბტ-თემის წევრთა პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ მცირე რჩება.

დოკუმენტის თანახმად, ეთნიკური უმცირესობები (მოსახლეობის დაახლოებით 13%) საარჩევნო კამპანიაში არასაკმარისადაა წარმოდგენილი. გამონაკლისს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ორი მუნიციპალიტეტი: მარნეული-გარდაბანი და ახალქალაქი-ნინოწმინდა.

დოკუმენტში რეკომენდაციებიცაა მოყვანილი:

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად უნდა გადადგას დამატებითი ნაბიჯები შესაბამისი წესების გამოსაქვეყნებლად და მედიისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან მათი დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • ყველა ამომრჩევლებისთვის დაბალანსებული და სარწმუნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ყველა დებატებსა და პოლიტიკურ პროგრამებში, რათა საზოგადოებას თავისი შეხედულებები და გეგმები გააცნონ;
  • მედიასა და ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შეასრულონ თავისი ლეგიტიმური ფუნქციები და განახორციელონ თავიანთი უფლებები ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად - ყოველგვარი ჩარევის გარეშე. შესაბამისმა ორგანოებმა დროულად უნდა გამოიძიონ ინციდენტები და დამნაშავეების ადექვატური სანქციონირება უზრუნველყონ;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დანერგონ შიდა მექანიზმები კამპანიის დარჩენილ პერიოდში ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად;
  • კამპანიის დარჩენილ დღეებში პარტიებმა უნდა წარმოადგინონ კონკრეტული ხერხები და დეტალები ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა უნდა შეიკავონ თავი ისეთი თემების განხილვისგან (როგორიცაა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია), რომლებსაც საზოგადოებაში უთანხმოებისა და განხეთქილების რისკი მოაქვს. ამის ნაცვლად მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ კამპანიაზე, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთა პრიორიტეტებზე, და უფრო მკაფიოდ ისაუბრონ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ხელი მოაწერონ მრავალპარტიულ მემორანდუმს, რომელიც კამპანიების დროს ჰომოფობიურ გამონათქვამებს აკრძალავს.
ყველა ახალი ამბავი
0