საქართველოს საგარეო უწყება: სამოქალაქო ავიარეისების სამხედრო მიზნით გამოყენება მიუღებელია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებაში ახსენებენ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების შემდეგ საქართველომ მთლიანად დახურა საჰაერო სივრცე სამხედრო ტვირთების ტრანზიტისთვის

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო და ჰუმანიტარული ავიარეისების სამხედრო მიზნით გამოყენება მიუღებელია და კანონის დარღვევას წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედიაში სამხედრო გადაზიდვებისთვის ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ახალ ინფორმაციაზე საპასუხოდ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმარულებით სამხედრო ტრანზიტი არ ხორციელდება

„საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან და ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - რედ.) წესებთან. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ფრენების სხვა დანიშნულებით გამოყენებისგან თავის არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, როგორც ტვირთის მიმღებ ქვეყნებს, ასევე, გამგზავნებს, საჰაერო გზით სამოქალაქო და ჰუმანიტარული ტვირთის გადატანისას მკაცრად გააკონტროლონ აღნიშნული გადაზიდვები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების შემდეგ საქართველომ მთლიანად დახურა საჰაერო სივრცე სამხედრო ტვირთების ტრანზიტისთვის, ის ღია რჩება მხოლოდ სამოქალაქო და ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვებისთვის.

უწყება ასევე იშველიებს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც სამხედრო მიზნებისთვის სამოქალაქო რეისების გამოყენებას კრძალავს.

„დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს მკაცრ რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0