ზალკალიანი: ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენს საფრთხე არ უნდა დაემუქროს

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ ობიექტებზე არ მოხდეს რაიმე სამხედრო ზემოქმედება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. მნიშვნელოვანია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე არ მოხდეს სამხედრო ზემოქმედება, რადგან ის არის სტრატეგიული ობიექტი არა მარტო რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

აზერბაიჯანის გენპროკურატურამ ოთხშაბათს განაცხადა სომხეთის მხარის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აზერბაიჯანული მონაკვეთის დაბომბვის მცდელობის შესახებ. სარაკეტო დარტყმები ევლახის რაიონში მდებარე მილსადენზე დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, უარყო ბაქოს განცხადებები ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობის შესახებ.

ნავთობსადენი - Sputnik საქართველო
ბაქო აცხადებს, რომ სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს რაკეტა ესროლა - ფოტოები

„რა თქმა უნდა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც გადის სამხრეთ კავკასიაში, ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი ინტერესის სფეროა და მუდმივად ხდება მონიტორინგი ამ მიმართულებით. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან რეგიონში, უშუალოდ იმ ქვეყნებთან, ვის ტერიტორიაზეც გადის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები, ასევე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრატეგიული ობიექტები არის სწორედ გარანტორი რეგიონის უსაფრთხოების“, – განაცხადა ზალკალიანმა.

აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრმა განმარტა, ყველა არის დაინტერესებული, რომ სტრატეგიული ობიექტების ნორმალურ ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ობიექტებზე არ მოხდეს რამე სახის სამხედრო ზემოქმედება, რადგანაც ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი მთლიანად რეგიონისთვის, ასევე რეგიონს მიღმა ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მათ ენერგოუსაფრთხოებასაც და მათი დივერსიფიკაციისთვის, იგივე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1768 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს და 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მშენებლობა 2003 წელს დაიწყო, ხოლო მისი ნავთობით შევსება – 2005 წლის 18 მაისს. გატარების სიმძლავრე დღე-ღამეში 1,2 მილიონ ბარელს შეადგენს.

„სოკარის“ თანამშრომლები ობიექტზე - Sputnik საქართველო
სარაკეტო შეტევის შემდეგ ნავთობსადენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს: SOCAR-ის განცხადება

საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სამხედრო მოქმედებების გაღვივებაში ადანაშაულებენ. ყარაბაღში მშვიდობიანი დასახლებული პუნქტების, მათ შორის სტეფანაკერტის საარტილერიო დაბომბვების შესახებ იუწყებიან. სომხეთმა გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. ამასთან, განაცხადა, რომ ბაქოს აქტიურ მხარდაჭერას ანკარა უწევს. აზერბაიჯანში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში – სამხედრო მდგომარეობა.

რუსეთის, აშშ-ის და საფრანგეთის ლიდერებმა დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდეს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებები დაიწყონ. თურქეთმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში გამწვავების ფონზე აზერბაიჯანს ნებისმიერ მის მიერ მოთხოვნილ მხარდაჭერას აღმოუჩენს. საქართველოს ხელისუფლებამ მხარეებს მოლაპარაკებების თბილისში გამართვა შესთავაზა.

ყველა ახალი ამბავი
0