ზურაბიშვილი მინსკში არ ყოფილა – პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გავრცელებული ხმები უარყო

© photo: Sputnik / StringerAirzena Georgian Airways–ის თვითმფრინავი
Airzena Georgian Airways–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურმა ტელეარხმა განაცხადა, რომ მინსკში, რომელიც 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ საპროტესტო ტალღამ მოიცვა, კვირას თბილისიდან პრეზიდენტის თვითმფრინავი გაფრინდა და რამდენიმე საათში უკან დაბრუნდა.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს სალომე ზურაბიშვილი კვირას რამდენიმე საათის განმავლობაში მინსკში იმყოფებოდა.

„საქართველოს პრეზიდენტს არათუ საქართველოს საზღვრები, თბილისიც კი არ დაუტოვებია“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

სხვადასხვა ვერსიები სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ ავიაკომპანია Georgia Airways-ის იმ თვითმფრინავმა, რომლითაც ჩვეულებრივ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს, შეასრულა სპეცრეისი თბილისი–მინსკი–თბილისი.

ერთ-ერთი ვერსიით, თბილისში მინსკიდან ჩამოიყვანეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ნიკოლაი. თუმცა ამ ვარაუდის რამე ოფიციალური დამადასტურებელი ამ დროისთვის არ არსებობს.

ოპოზიციური არხი აცხადებდა აგრეთვე, რომ მინსკში ჩაფრენილი თვითმფრინავის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა – სავარაუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები.

თემა მაშინვე აიტაცეს ოპოზიციურმა პარტიებმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ხატია დეკანოიძემ და სალომე სამადაშვილმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდა განმარტოს, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.

ყველა ახალი ამბავი
0