საქართველო ესპანეთის სამთავრობო დელეგაციას ელოდება: პირველი ტესტ-საჩვენებელი მგზავრობა

© Pixabay / midiclorianoმადრიდი
მადრიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით წარმატებული ქვეყნების ტოპ-ხუთეულში მოიაზრებს, სადაც მგზავრობა უსაფრთხოა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე პირველად საქართველო უცხოეთიდან ოფიციალურ დელეგაციას ელოდება – ივლისის მეორე ნახევარში თბილისში ესპანეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტია დაგეგმილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ინფორმაციით, ვიზიტის დროს ერთ-ერთი განსახილველი თემა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და თბილისი–მადრიდის პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა იქნება. წინასწარი ინფორმაციით, ფრენებს ავიაკომპანია Air Europa შეასრულებს.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
როდის და როგორ გაიხსნება საქართველოს საზღვრები

როგორც ტელეკომპანიას ესპანეთში საქართველოს ელჩმა ილია გიორგაძემ განუცხადა, ვიზიტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივით ხორციელდება, რომელმაც თბილისში ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი მოიწვია. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან ესპანეთის ტურიზმის მინისტრი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ცნობილი ტუროპერატორები.

ესპანეთში საქართველოსადმი დიდ ინტერესს იჩენენ, აღნიშნა გიორგაძემ.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ზუსტად მას შემდეგ შედგება, როცა გაიხსნება საერთაშორისო საზღვრები. ეს იქნება პირველი საერთაშორისო ვიზიტი და, გარდა ტურიზმის მინისტრისა, ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე იქნება ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი, როგორც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ეს იქნება პირველი ტესტ-საჩვენებელი მგზავრობა, თუ როგორ უნდა ვიმგზავროთ მომავალში „კოვიდის" გარეშე, უსაფრთხოდ", – განაცხადა ილია გიორგაძემ.

ელჩის განცხადებით, ესპანეთში აქტიურად შუქდებოდა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს წარმატება. ესპანელი ხალხი კი საქართველოს იმ ქვეყნების ტოპ-ხუთეულში მოიაზრებს, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა. აქედან გამომდინარე, დელეგაციაში წარმოდგენილი იქნება ოთხი მსხვილი ტურისტული კომპანია.

გიორგაძის თქმით, ესპანეთიდან შემდეგი ვიზიტი, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელდება.

საქართველოში ესპანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალურ ვიზიტს გააშუქებენ CNN, BBC და სხვა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები.

შეზღუდული დროის გამო დელეგაციის წევრები მხოლოდ კახეთსა და თბილისს დაათვალიერებენ. ვიზიტის ორგანიზატორი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.

ესპანეთი კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 247 ათასს შეადგენს, გარდაცვლილია 28 324 ადამიანი.

საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივლისს დამყარდა.

ყველა ახალი ამბავი
0