როდის განიხილავს პარლამენტი შესწორებებს კონსტიტუციაში – ცნობილია თარიღი

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტმა შეიძლება მიიღოს შესწორებები კონსტიტუციაში, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს, მაგრამ არჩევნები შეიძლება გადავადდეს, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყება.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას კვირას, 21 ივნისს ჩაატარებს და განიხილავს შესწორებებს კონსტიტუციაში, განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

შესწორებები კონსტიტუციაში, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს, პარლამენტში საჯარო განხილვის შემდეგ ორშაბათს შევიდა.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა: რა საკითხებზე შეთანხმდნენ მხარეები

„ჩვენი საზრუნავი და ამოცანაა – რაც შეიძლება მოკლე ვადაში უზრუნველვყოთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რომ დავიწყოთ მომზადება წინასაარჩევნო კამპანიისთვის და იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს ერთ-ერთი სამაგალითო არჩევნები, დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტით გამორჩეული. ამიტომ რაც უფრო მალე დავასრულებთ ამ ცვლილებებს, მით უფრო მალე გადავლენ პარტიები ჯანსაღ კონკურენციაზე, კომუნიკაციაზე საზოგადოებასთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ერთ საკითხს – საკონსტიტუციო შესწორებებს განიხილავენ. მისი მიღებისთვის 113 ხმაა აუცილებელი.

რას განიხილავს პარლამენტი

კონსტიტუციაში შესწორებების შესახებ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატისგან დაკომპლექტდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი მხოლოდ 1%-ია. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
არჩევნები დეკემბერში ჩატარდება? საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დასრულდა

მაჟორიტარები გამოვლინდებიან 30 ერთმანდატიან ოლქში. ოლქების ყველაზე მეტი რაოდენობა იქნება თბილისში – 8, დანარჩენი 22 კი 10 რეგიონზე განაწილდება.

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ პარტიებს, რომლებიც ცესკოში ამომრჩევლის არანაკლებ 5 ათას ხელმოწერას წარადგენენ, ასევე იმ პარტიებს, რომლებიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ და მიიღეს სულ ცოტა 15 ათასი ხმა, აგრეთვე პარტიებს, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატმაც მინიმუმ 15 ათასი ხმა მიიღო.

არსებული სისტემისგან განსხვავებით, ადგილების განაწილება პარლამენტში გათვლილი იქნება ახალი ფორმულით, რომელიც პროპორციული არჩევნების შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

თავისუფალი არჩევნების ფასი საქართველოში: პოლიტიკური ვნებათაღელვა კორონავირუსის ფონზე>>

ამ ფორმულის თანახმად, პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არჩევნების შედეგად შეძლებს მხოლოდ იმაზე ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას, რაც მათ პროპორციული არჩევნების შედეგებით ერგებათ.

თუ მანდატების შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დადგენილ ლიმიტზე მეტი აღმოაჩნდება, მას გაანაწილებენ სხვა პარტიებსა და ბლოკებს შორის – რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

ყველა ახალი ამბავი
0