ერთნაირსქესიანთა ქორწინება: მომხრე და წინააღმდეგი ქართველი პოლიტიკოსები

© Sputnik / Vladimir Umikashviliდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობს თუ არა საქართველოში პირობები ერთნაირსქესიანთა ქორწინებისთვის, მოდის თუ არა ეს წინააღმდეგობაში ეროვნულ ტრადიციებთან, და, რაც მთავარია - კონსტიტუციასთან, სადაც ქორწინება განსაზღვრულია როგორც კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის - კამათის მთავარი თემაა

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. რამდენიმე დღეა პოლიტიკოსების მხრიდან, შემდეგ კი ქართულ მედიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემა გააქტიურდა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ღიად აცხადებს მხარდაჭერას, სხვები კი ფრთხილობენ ტერმინების შერჩევისას, ასევე არსებობს კატეგორიულ მოწინააღმდეგეთა რადიკალური ფრთა. ამ საკითხში ერთსულოვნება არ არსებობს.

არნო ხიდირბეგიშვილი: „დედა“ და „მამა“ ბგერების უბრალო ანაკრები არ არის >>

ვინ არის წინააღმდეგი

საკითხის განხილვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემას შეეხო პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში „უმცირესობების უფლებები ძალიან კარგად არის დაცული“. ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ ის ერთნაირქესიანთა ქორწინებების წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ „ბავშვს დედა და მამა უნდა ზრდიდეს“.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ინსტიტუტი „მკაფიოდ არის განსაზღვრული და გადახედვას არ საჭიროებს“.

„საქართველოში არის კანონმდებლობა, რომელიც იცავს – ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიღების დროს, ჩვენ გვახსოვს, რამდენი ექსპერტი და რამდენი ჩვენი დასავლელი პარტნიორი, ადილობრივი ექსპერტები, პარლამენტარები იყვნენ ჩართული მის მიღებაში. კანონი არის ნორმალური. იქვე აღვნიშნე, რომ ეს კანონი არ სრულდება, ანუ მისი აღსრულების სერიოზული პრობლემა გვაქვს და დავამატე, რომ უმცირესობები ჩვენს ქვეყანაში არ არიან დაცული“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა „ლელოს“ სხვა ლიდერი, დავით უსუფაშვილი თავის Facebook-გვერდზე.

როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, ამ საკითხში სახელმწიფო ეფექტურ პოლიტიკას უნდა ატარებდეს.

„განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროვებას ან დისკრიმინაციას ვგმობთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სახელმწიფომ უნდა გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად“, - წერს უსუფაშვილი.

რაც შეეხება ერთნაირქესიანთა ქორწინებას, ის ხაზარაძის მსგავსად აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ერთნაირქესიანთა კავშირს ისევე, „როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ“.

კატეგორიულად ეთანხმება

ხოლო ქართული პოლიტიკის ცნობილი „სკანდალისტი“ - პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ღიად უჭერს მხარს ერთნაირქესია ქორწინებას და არა მხოლოდ მას. ის გამოდის წინადადებით დაკანონდეს არამხოლოდ ერთნაირქესიანთა ქორწინება,  არამედ ერთნაირქესიანი ოჯახების მიერ ბავშვების შვილად აყვანა.

„მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას. შესაბამისად, ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან“, - დაწერა ჯაფარიძემ თავის Facebook-გვერდზე.

ქორწინების ქვეშ ჯაფარიძე გულისხმობს ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას, ხოლო რაც შეეხება რელიგიურ რიტუალებს, ეს, მისი თქმით, კონკრეტული საეკლესიო კონფესიის საქმეა.

GEO როგორ მოვიდნენ სასულიერო პირები საქართველოს პარლამენტის წინ აქციაზე - ვიდეო - Sputnik საქართველო
„იქნებ ჯერ საპატრიარქოში დაგეწყოთ მამათმავლობასთან ბრძოლა...“ – იღუმენია თამარ გამყრელიძე

„ზოგადად, ვთვლი რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა“, - წერს „გირჩის“ ლიდერი.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ბევრ პოლიტიკოსს „ხალხის რისხვის და ხმების დაკარგვის ეშინიათ“, ამიტომაც ფრთხილობენ.

„ბრძოლის ავანგარდში მყოფნი“

ამავე დროს რესპუბლიკელების ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისმა პარტიამ ჯერ კიდევ 2017 წელს შეიმუშავა კონცეფცია, რომელსაც მხარს უჭერს ლგბტ-თემი და არასამთავრობო სექტორი.

„ახლა, 2020 წელს, მთელს ცივილიზებულ სამყაროში, ხუთივე კონტინენტზე დაკანონებულია ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება ან სამოქალაქო კონტრაქტი. ორი ათეული წლის წინ დასავლეთ ევროპაში კონტრაქტი იყო და აღმოსავლეთში არა. 2016 წელს „რესპუბლიკელებმა“ გავაპროტესტეთ და დავუპირისპირდით ხელისუფლების პროპაგანდისტული, შავრაზმული კამპანიის ფარგლებში საკონსტიტუციო ნორმით განსაზღვრას, რომ ქალის და კაცის ერთობაა ქორწინება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

აქვე მან პატრიარქი ახსენა და მისი „ნეგატიური“ დამოკიდებულება ლგბტ-უმცირესობების მიმართ.

ბერძენიშვილის თქმით, მისი პარტია თავისუფლებისთვის ბრძოლაში ავანგარდში დგას.

რესპუბლიკელებს სურთ ქვეყანა დაემსგავსოს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სადაც არსებობს ისეთი ტერმინი, როგორიც სამოქალაქო კონტრაქტია, ანუ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სოციალური ინსტიტუტი, რომლის საშუალებითაც შეიძლება დაკანონდეს ორი ადამიანის ურთიერთობა, რომლებსაც არ სურთ ან შესაძლებლობა არ გააჩნიათ ქორწინების კანონიერი რეგისტრირება, განმარტა ბერძენიშვილმა.

რას ამბობს კონსტიტუცია...

კონსტიტუციაში ქორწინების განმარტება 2017 წელს შეიცვალა. მთავარი კანონი ამბობს, რომ ოჯახი - მამაკაცისა და ქალის კავშირია. ძველ ვერსიაში ოჯახი განისაზღვრებოდა როგორც მეუღლეების თანასწორუფლებიანი კავშირი.

ერთნაირსქესიანთა ქორწინება - Sputnik საქართველო
პირველად აზიაში: ერთნაირსქესიანთა ქორწინება ნებადართულია

კონსტიტუციაში ქორწინების ფორმულირების შეცვლის ინიციატივით 2014 წელს ლგბტ-თემის აქტივიზაციის ტალღაზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.

ქართულ საზოგადოებაში ზოგადად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა არამარტო ერთნაირქესიანთა ქორწინების, არამედ ლგბტ-თემის მიმართ.

2013 წელს საქართველოში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად დაარბიეს არატრადიციული ორიენტაციის პირთა შეკრება, რომლებიც თბილისის ქუჩებში მარშის მოწყობას ცდილობდნენ. შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

არც ისე დიდი ხნის წინ გაიმართა საპროტესტო აქციები ქვეყნის კინოთეატრებთან, სადაც ლევან აკინის გეი-სიყვარულის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენებები მიმდინარეობდა. კინოჩვენებების ბოიკოტის გარდა, მსახიობების მისამართით მუქარები და შეურაცხყოფები ისმოდა.

ყველა ახალი ამბავი
0