სუს-ი ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს

© photo: Sputnikსუს–ის შენობა
სუს–ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არსებობს მესამე ძალა, რომლის ინტერესებშია ქართულ–აზერბაიჯანულ ურთიერთობებში განხეთქილების შეტანა.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ში) არასამთავრობო ორგანიზაცია „გერატის“ ხელმძღვანელი ზურმუდ კურბანოვი თავისი ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხეს.

უსაფრთხოების სამსახური ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივების საქმეს იძიებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საუბარია კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებზე, თუმცა კონკრეტულად რა ფაქტებზეა საუბარი, არ აზუსტებენ.

სუსი: პირთა ჯგუფები ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის განხეთქილების შეტანას ცდილობენ>>

კურბანოვის თქმით, არსებობს რაღაც მესამე ძალა, რომლის ინტერესებშიც შედის განხეთქილების შეტანა ქართულ–აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. ის მიუთითებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კომენტარებზე.

„ვფიქრობ, რომ ამის უკან დგას მესამე ძალა, რომელსაც არ უნდა საქართველო განვითარდეს და რეგიონულ ძალად იქცეს აზერბაიჯანთან ერთად“, – განაცხადა კურბანოვმა პირველი არხის ეთერში.

მისი ადვოკატის თქმით, კურბანოვმა ხელი მოაწერა დოკუმენტს გაუთქმელობის შესახებ და ამიტომ საქმის დეტალებზე საუბრის უფლება არა აქვს.

მეჩეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხეს: რა გაამხილა შეიხმა

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სიტუაცია დაიძაბოს. ჩვენ ვართ ქართველი აზერბაიჯანელი ხალხი, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა თავისი პოლიტიკური ინტერესები დააყენონ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის არის ერთი წმინდა სახლი და ეს არის საქართველო“, – განაცხადა კურბანოვმა.

სუს-მა მანამდე, 6 ივნისს ამავე საქმის ფარგლებში საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი გამოკითხა. გამოკითხვის დეტალებზე საუბარი მასაც აუკრძალეს და გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „რასობრივი დისკრიმინაცია“. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, დამამძიმებელი გარემოებების არსებობიდან გამომდინარე.

ყველა ახალი ამბავი
0