პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა

© Facebook / photo : Administration of President of Georgia / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ზომების მიღებას, რათა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელება თავიდან აიცილოს

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღების თხოვნით მიმართა. მან განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობა აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, თუმცა საკომენდანტო საათი და კარანტინი არ წესდება.

„პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კოსნტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებს საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის დროს წესდება შეზღუდვები საქართველოს ყველა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, გარდა ტვირთების გადაზიდვებისა.

„შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: რა შეზღუდვები წესდება

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

ყველა ახალი ამბავი
0