გახარია: საარჩევნო მოდელზე შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია

© Georgian Government / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა კმაყოფილება გამოთქვა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გამო.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სისტემის თაობაზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას მნიშვნელოვანი უწოდა და საერთაშორისო პარტნიორებს შუამავლის როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ მემორანდუმს ხელი საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე მოეწერა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის ხელშეწყობით გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ „120/30“ მოდელზე, ანუ 120 მანდატი პროპორციული სისტემით განაწილდება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდება 1%-იანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, თუ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
მმართველი პარტია და ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ

„საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია", – დაწერა გიორგი გახარიამ.

30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მოლაპარაკების მაგიდას გასული წლის დეკემბერში მიუსხდნენ, მას შემდეგ, რაც პარლამენტში 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე საკონსტიტუციო შესწორებები ჩავარდა და მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს არცთუ წარმატებულად აწარმოებდა. თებერვალში აღნიშნული მოლაპარაკებები ლამის ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა. მიზეზი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა, რის შედეგადაც უგულავა საპატიმროში აღმოჩნდა, ოპოზიციამ კი „პოლიტპატიმრების" გათავისუფლებამდე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ვითარების დარეგულირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოხერხდა, რომლებიც მხარეებთან არაფორმალურ შეხვედრებს მართავდნენ.

„მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის", – დაწერა გახარიამ.

მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ახლა უნდა დაიწყოს ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვის პროცედურები. ჯერჯერობით, მოქმედი კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით, როცა 150 ადგილიდან 77 ნაწილდება პროპორციულად პარტიებს შორის, რომლებიც 3%-იან ზღვარს გადალახავენ, დანარჩენი 73 კი – ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0