ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი გახდა

გამოწერა
ირაკლი შოთაძე აღნიშნულ თანამდებობას სამი წლის განმავლობაში იკავებდა, თუმცა 2018 წელს საზოგადოების ზეწოლის ფონზე პოსტი დატოვა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე 82 ხმით დაამტკიცა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც შოთაძის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ბოიკოტი გამოაცხადეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრისთვის ემზადება

შოთაძის თანამდებობაზე დამტკიცება საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი, რომელთაც ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით „არა მარიონეტებს!" ოპოზიციის მტკიცებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტია გენერალური პროკურორის პოსტზე „თავის კაცს" ნიშნავს.

რით არის ცნობილი შოთაძე?

36 წლის ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა – 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე. მან თანამდებობა 2018 წელს საზოგადოების ზეწოლის ფონზე დატოვა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
სკანდალი საქართველოს პარლამენტში: ოპოზიცია შოთაძის წინააღმდეგ გამოდის – ვიდეო

მოგვიანებით გაირკვა, რომ №51 საჯარო სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარეული იყო პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა. ახალმა გამოძიებამ, რომელიც შოთაძის გადადგომის შემდეგ ჩატარდა, დაადგინა, რომ დავით სარალიძე ორმა პირმა, მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ნათესავმა მოკლა.

გარდა ამისა ოპოზიცია შოთაძეს პრეტენზიებს უყენებდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის გარემოებების გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის და სხვა საქმეების გამო, რომლებშიც პოლიციელები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები ფიგურირებდნენ.

ამასთან, შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში უწყებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. უწყებაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. გარდა ამისა, გაჩნდნენ სპეციალური პროკურორები ოჯახური ძალადობის საკითხებში, ასევე გაჩნდა გენპროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.

ამ პერიოდში პროკურატურამ გახსნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" თაღლითობის საქმე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0