პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას არც დამოუკიდებელი დეპუტატები მიიღებენ.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ განიხილება და საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე დადგება, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

დაპირისპირება პარლამენტთან - Sputnik საქართველო
პარლამენტთან მობილიზებული პოლიცია და „სირცხვილის დერეფანი“ დეპუტატებისთვის

მისი სიტყვებით, საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრა დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი ბიუროს წევრებმაც დაუჭირეს, ოხანაშვილმა იმით ახსნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე შოთაძის გუშინდელი გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი, ამიტომ „მიზანშეწონილი აღარ არის ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად".

„გუშინ ჩვენ შვიდი საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობა თუ საპარლამენტო ოპოზიცია, ჰქონდა სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები. ჩვენ ასევე სხდომაზე დასწრებისა და კანდიდატისთვის კითხვის დასმის საშუალება მივეცით იმ ადამიანებს, ვინც კომიტეტს მიმართა", – განაცხადა ოხანაშვილმა.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებმა უკვე განაცხადეს, რომ სხდომას არ დაესწრებიან და მონაწილეობას არ მიიღებენ კენჭისყრაში. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

პლენარული სხდომა, რომელიც ამ წუთებში იმართება, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის გამოსვლით დაიწყო. სპიკერმა პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

სხდომის დღის წესრიგის შემდეგი საკითხი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაა.

აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფილი მთავარი პროკურორის კანდიდატურას საპროკურორო საბჭომ 7 თებერვალს უყარა კენჭი. ირაკლი შოთაძეს საპროკურორო საბჭოს 12 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი.

36 წლის ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა – 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე.

გენპროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას გენპროკურორის პოსტზე მხარი დაუჭირა

შოთაძის პროკურორობის პერიოდში უწყებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. უწყებაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. გარდა ამისა, გაჩნდნენ სპეციალური პროკურორები ოჯახური ძალადობის საკითხებში, ასევე გაჩნდა პროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.

ამ პერიოდში პროკურატურამ გახსნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის" თაღლითობის საქმე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე.

თუმცა, 2017 წლის დეკემბერში მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება შოთაძის კარიერისათვის ფატალური აღმოჩნდა. პროკურატურამ ვერ დაამტკიცა დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალეულობა და შოთაძე საპროტესტო აქციების და საზოგადოების აღშფოთების ფონზე გადადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსწავლეების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარეული იყო პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა.

მანამდე შოთაძეს პრეტენზიებს უყენებდნენ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის გარემოებების გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის და სხვა საქმეების გამო, რომლებშიც პოლიციელები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები ფიგურირებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0