პარლამენტთან მობილიზებული პოლიცია და „სირცხვილის დერეფანი“ დეპუტატებისთვის

© Sputnik / Shota Nozadzeდაპირისპირება პარლამენტთან
დაპირისპირება პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების რიცხვი იზრდება – სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

გენპროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას გენპროკურორის პოსტზე მხარი დაუჭირა

აქციის მონაწილეები საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა. დღევანდელი აქცია კი პარლამენტის ბიუროს სხდომას უკავშირდება, რომელზეც განისაზღვრება, თუ როდის გაიმართება პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ისინი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ, ამიტომ უნდა შეიცვალოს ივანიშვილის მთლიანი ვერტიკალი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

აქტივისტები და ოპოზიცია უკმაყოფილოა იმით, რომ პოლიცია მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანზე საშვია დაშვებული.

მომიტინგეებმა ჭიჭინაძის ქუჩის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რის გამოც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა – პოლიციამ მათ გზის გათავისუფლება მოსთხოვა, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს.

აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყვეს და მათ შეურაცხმყოფელი შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ.

გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭომ 7 თებერვალს უყარა კენჭი. შოთაძეს საპროკურორო საბჭოს 12 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
შოთაძე: მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული

36 წლის ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა – 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე.

შოთაძის პროკურორობის პერიოდში უწყებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. უწყებაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. გარდა ამისა, გაჩნდნენ სპეციალური პროკურორები ოჯახური ძალადობის საკითხებში, ასევე გაჩნდა პროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.

ამ პერიოდში პროკურატურამ გახსნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" თაღლითობის საქმე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე.

თუმცა, 2017 წლის დეკემბერში მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება შოთაძის კარიერისათვის ფატალური აღმოჩნდა. პროკურატურამ ვერ დაამტკიცა დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალეულობა და შოთაძე საპროტესტო აქციების და საზოგადოების აღშფოთების ფონზე გადადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსწავლეების მკვლელობის საქმეში გარეული იყო პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა.

მანამდე შოთაძეს პრეტენზიებს უყენებდნენ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის გარემოებების გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის და სხვა საქმეების გამო, რომლებშიც პოლიციელები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები ფიგურირებდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0