ახალი საპროტესტო ტალღის მოლოდინში: ოპოზიციის გეგმები და ხელისუფლების რეაქცია

© Sputnik / STRINGERმიტინგი რუსთაველზე
მიტინგი რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის გეგმების მიხედვით, თბილისში ცხელი თებერვალი იქნება – პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლა გრძელდება.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირებას გეგმავს, განუცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს.

ოპოზიცია 4 თებერვლიდან საპროტესტო აქციების განახლებისთვის ემზადება. ოპოზიციური საპარლამენტო პარტიები გეგმავენ არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაც იქნება, არამედ თვით პარლამენტის შენობის პიკეტირებასაც.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
ხელისუფლება ოპოზიციას ელოდება: როდის გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

„აქციები იქნება მანამ, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. შედეგია – დემოკრატიული საარჩევნო სისტემის ფორმირება. თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტები იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება" არ ჩამოიშლება. გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ან „ქართული ოცნება" ვერ გაუძლებს საგარეო და საშინაო ზეწოლას. მისი მომავალი ხალხის ნებით იქნება განსაზღვრული", – განაცხადა გოცირიძემ.

პიკეტირების გარდა, ოპოზიცია გეგმავს, მმართველი პარტიის დეპუტატებს "სირცხვილის დერეფნები" მოუწყოს.

„მოეწყობა „სირცხვილის დერეფნები" და ყველას, ვინც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, მოუწევს ამ „დერეფნებში" გავლა. მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილის მსახურები, რომლებიც პარლამენტში ქართველ ხალხს არ წარმოადგენენ. აქციები გაგრძელდება, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს არ ესმის არც საერთაშორისო პარტნიორების, არც საქართველოს მოქალაქეების ხმა", – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ "რუსთავი 2“-ის ეთერში.

ოპოზიციის მეთოდები და გეგმები მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. ოპოზციის წინა მცდელობები, ხელი შეეშალათ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებისთვის, პოლიციამ აღკვეთა.

„პიკეტირება მიუღებელია. ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში, როგორც ეს სხვა შემთხვევებში იყო", – განუცხადა თბილისის მერმა, პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ოპოზიციამ უკვე აცნობა თბილისის მერიას სამშაბათს პარლამენტის წინ აქციის ჩატარების შესახებ. აღსანიშნავია, რომ იანვარში თბილისის მერიამ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიის, ოპოზიციის მთავარი სამოქმედო მოედნის შეკეთება დაიწყო და ტერიტორია მწვანე ღობით შემოსაზღვრა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპოზიციონერების უკმაყოფილების საპასუხოდ განაცხადეს, რომ აქციების ჩატარებას არავინ არავის უკრძალავს და ოპოზიციას ამის გაკეთება ნებისმიერ სხვა ადგილზე შეუძლია, თანაც კანონის დარღვევის გარეშე.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
ოპოზიცია კვლავ ქუჩაში გამოდის: თბილისში პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება

საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გასული წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატებმა საარჩევნო რეფორმა ჩააგდეს.

საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლისა და დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა შეთანხმება დღემდე არ არის მიღწეული.

საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან იგეგმება. ამას კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს, თუმცა ოპოზიცია ამ სისტემით არჩევნების ჩატარებას უკვე 2020 წელს ითხოვს.

მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის 73 დეპუტატს ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ, 77-ს – პროპორციული სიებით.

ყველა ახალი ამბავი
0