ვიდეოთვალთვალი საქართველოს ციხეებში: სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს უჩივის

© courtesy of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოქმედებები კანონს ეწინააღმდეგება.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა თხოვნით, შეისწავლოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოქმედებების კანონიერება, რომელმაც საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ციხიდან ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა.

საქართველოში პატიმრები მაგისტრატურაში სწავლას შეძლებენ>>

ლომჯარიამ პარლამენტს ოთხ ციხეში არსებული ვითარების შესახებ კრიტიკული ანგარიში სამშაბათს წარუდგინა. ამის პასუხად წულუკიანმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლების პატიმრებთან საკანში შეხვედრის ჩანაწერები აჩვენა. კადრებში ჩანს უფლებადამცველის ფამილარული ქცევა პატიმართან – ის პატიმარს მისთვის ყავის მომზადებას სთხოვს, ეწევა მის სიგარეტს და ა.შ. წულუკიანის აზრით, ასეთი ქმედებები სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

„ჩანაწერები იმავე დღეს გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს Facebook-გვერდზეც. საჯაროდ გავრცელებულ ჩანაწერებში სახალხო დამცველის რწმუნებულების სახეები არ არის დაფარული და მათი იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელია. ნიშანდობლივია, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი უკრძალავს იუსტიციის სამინისტროს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის რაიმე სახის მიყურადებას ან თვალთვალს", – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ არსებობს იუსტიციის მინისტრის ბრძანება ციხეებში ელექტრონული თვალთვალის ჩანაწერების შენახვის შესახებ. ამ დოკუმენტში განსაზღვრულია ციხეებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები და პირობები.

ციხე - Sputnik საქართველო
კრიმინალური სუბკულტურა და ძალადობა საქართველოს ციხეებში: ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში

„ვინაიდან სახალხო დამცველის ერთ-ერთი რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება და გაუგებარია ვიდეოჩანაწერის დაარქივების მიზნობრიობა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან ვიდეოჩანაწერების დაარქივებისა და ხანგრძლივი ვადით შენახვის პროცესში სახეზეა ცალსახა კანონსაწინააღმდეგო ქმედება", – აღნიშნულია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროში სახალხო დამცველის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0