გიგა ბოკერია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

© Sputnik / STRINGERგიგა ბოკერია
გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა უარი განაცხადა პროკურატურაში მისვლაზე, ამიტომ იგი სასამართლოში გამოიკითხება, რომელსაც გამოძიებამ შუამდგომლობით უკვე მიმართა.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც პროკურატურაშია დაბარებული, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გიგი უგულავას ბრალი ძალადობაში წაუყენეს - რა მოხდა აეროპორტში

გავრცელებული ინფორმაციით, ბოკერიას საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გუშინ ტელეფონით შეატყობინეს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჩვენებას თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე მისცემს.

თავად ბოკერიამ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ კითხვებს პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს.

როგორც მან აღნიშნა, იგი მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.

„არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია, ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება", – განაცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებთან.

პროკურატურაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ გამოძიებას გააჩნია კითხვები გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

„რამდენადაც ბოკერიამ უარი განაცხადა პროკურატურაში მოსვლაზე და სურვილი გამოთქვა სასამართლოში დაიკითხოს, საგამოძიებო ორგანომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით", – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0