კალაძე: ეს „ნაცმოძრაობის" „იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებია"

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძემ გააფრთხილა ოპოზიცია იმის თაობაზე, რომ საპროტესტო აქციაზე „დესტრუქციული მოქმედებების" გაგრძელებას, შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების დაბრუნებას იაფფასიანი პერფორმანსით ცდილობს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის თაობაზე კომენტარისას.

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო საარჩევნო რეფორმა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. მას შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქციები არ შეწყვეტილა. 17 ნოემბრიდან პარლამენტის შენობის შესასვლელებში კარვები დადგეს და დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ.

შსს: პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება აკრძალულია>>

„გუშინ ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა" თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა", – განაცხადა კალაძემ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს არ უშვებენ

გუშინდელ საპროტესტო აქციას 20-ზე მეტი პარტიის მომხრეები ესწრებოდნენ. შსს-ს მონაცემებით, მათი რაოდენობა დაახლოებით 5,5 ათასი ადამიანი იყო, ხოლო სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით – 20 ათასი.

„ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დევიზი – ძალაუფლება ნებისმიერ ფასად – უცვლელი რჩება. ვინაიდან არც ერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, გუშინდელ აქციაზე ხალხის რაოდენობამ აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობას" მოსახლეობის მხარდაჭერა პრაქტიკულად არა აქვს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს

„ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე – რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა – ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას", – განაცხადა კალაძემ.

მან პირობა დადო, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მოითმენს.

„ხელისუფლება იქნება მაქსიმალურად მომთმენი. თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება... საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი, ცივილიზებული თამაშის წესები კი, რა თქმა უნდა, ყველასგან კანონის ფარგლებში მოქმედებას მოითხოვს", – აღნიშნა კალაძემ.

აქციები თბილისის ცენტრში ხუთშაბათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლა და იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების გამო არიან საპყრობილეში.

ყველა ახალი ამბავი
0