თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს საკონსულო გაიხსნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დონდუამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.
„ბარიში ძალიან დიდია ჩვენი თანამოქალაქეების კონცენტრაცია და არის უმწვავესი პრობლემა და საჭიროება, რომ მათ ჩვენი საკონსულო სერვისები მივაწოდოთ", – აღნიშნა ნინუამ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წელს საკონსულოს გახსნა იგეგმება ასევე აშშ-ში, კერძოდ, სან-ფრანცისკოში.
წლის ბოლოს საქართველოს საელჩო გაიხსნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რაც შეეხება საქართველოს საელჩოს ვიეტნამში, მისი გახსნა მომავალი წლის დასაწყისამდე გადაიდო.
2020 წელს საქართველოს საელჩო ასევე შესაძლოა დასავლეთ აფრიკაში – სენეგალში ან განაში გაიხსნას.