ივანე მაჭავარიანი: არ მესმის, რატომ იწყებს მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას მსუყე ტყუილით

© Sputnik / Vladimir Umikashviliივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ პრობლემური სესხების ჩამოწერის პროექტი ბანკი „ქართუს" დახმარებით განახორციელა.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ვალების განულების პროგრამასთან დაკავშირებით სრულად ვიყავი ჩართული პროცესში და ის აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა

საქართველოში 2018 წლის 10 დეკემბრიდან სპეციალური პროექტი ამოქმედდა, რომელიც „შავ სიაში" შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას ეხებოდა. ამ პროექტის შედეგად 609,5 ათასზე მეტ მოქალაქეს დაახლოებით 1,4 მილიონი კრედიტი ჩამოეწერა. ჯამური დავალიანების თანხა 4 მილიარდ ლარზე მეტი იყო. 

როგორც ხაზარაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხზე" განაცხადა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მთავრობის მიერ განხორციელებული სესხების განულების პროგრამა არამართებული იყო და მასში ბანკების მხრიდან მონაწილეობა ნებაყოფლობითი არ ყოფილა, რადგანაც კომერციული თვალსაზრისით მათ მიზერულ ფასად მოუწიათ პრობლემური პორტფელის დათმობა ფონდი „ქართუს" სასარგებლოდ.

„როცა 120 მილიონს ცვლი 3 მილიონში და პრაქტიკულად გაიძულებენ, რომ ეს გაკეთდეს, და ეს გარიგება ხდება ფინანსთა მინისტრის კაბინეტში, პრაქტიკულად შეღავათს აკეთებს ბანკი და არა რომელიღაც ფონდი. უბრალოდ, სხვა არჩევანს არ გიტოვებენ. პრაქტიკულად, სახელმწიფო სტრუქტურების პრივატიზაციაა გაკეთებული", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა "ლელოს" 12 ლიდერი დაასახელა>>>

ივანე მაჭავარიანმა ხაზარაძის განცხადებას ტყუილი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, „რატომ იწყებს (ხაზარაძე) პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით".

„ვერც ერთს ვერ იპოვით, რომელსაც დაემუქრნენ… ვინც დარჩა და ვინც ამ ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ სარფიანად იხეირა, რადგან იყო დიდი კომპონენტი უიმედო ვალების. წაბრძანდით და მოიკითხეთ იმათთან, ვინც მონაწილეობდნენ ან არ მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, იყო თუ არა მუქარა ან ვინც არ მიიღო მონაწილეობა, რამე ტიპის გართულება მოყოლია თუ არა", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: ამ დროისთვის 4 მილიარდ ლარამდე სესხია განულებული

აღნიშნული სოციალური პროექტი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „ქართუს" დახმარებით განხორციელდა და მიმდინარე წლის 15 იანვრამდე მოქმედებდა. ამ ბანკმა სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან პრობლემური სესხები შეისყიდა.

პროექტის ფარგლებში ვალები ჩამოეწერათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებდა. კერძოდ, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე ჰქონდა აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 ათას ლარს არ აღემატებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემური სესხების ჩამოწერის პროგრამაში 11 ბანკი და 27 არასაბანკო საფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ბაზისბანკი", სს "ტერაბანკი", სს „კრედო ბანკი" და სს „ფინკა ბანკი საქართველო”. 

საქართველოში უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო" დააფუძნა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მოძრაობა ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0