ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღარ არის

გამოწერა
გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის პოზიციებთან, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს, იუწყება პირველი არხი.

დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და შს მინისტრი გიორგი გახარია. გეგიძის თაობაზე გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

მარიამ ჯაში - Sputnik საქართველო
უმრავლესობის სხდომა: გარიცხავენ თუ არა „ქართული ოცნების“ ე.წ. ურჩ დეპუტატებს

როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის პოზიციებთან, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა.

„დაგროვდა საკითხები, სადაც ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამასთან დაკავშირებით არც თვითონ გამოუჩენია ოდესმე უმრავლესობის მუშაობაში მონაწილეობის მიღების სურვილი. ეს არის მთავარი საფუძველი უმრავლესობის გადაწყვეტილებისა, რომ ბიძინა გეგიძე გაყვანილ იქნას უმრავლესობის შემადგენლობიდან, რაც ვფიქრობ, ნორმალური, ცივილიზებული გადაწყვეტილებაა, დამახასიათებელი ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს პოლიტიკისათვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

მიმდინარე წლის აგვისტოში გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაიბარეს. გეგიძის განცხადებით, სუს-ი „საქართველოს ფოსტაში" მისი  მუშაობის პერიოდით იმიტომ დაინტერესდა, რომ მან მმართველი პარტიის დატოვების მზადყოფნის შესახებ განაცხადა. ანტიკორუფციული სააგენტო 2014-2016 წლებში „საქართველოს ფოსტის" ქონების აუქციონზე გაყიდვით დაინტერესდა. მაშინ გეგიძეს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ვინ შეცვლის ბახტაძეს - სამთავრობო ცვლილებებს სამშაბათს განიხილავენ >>

გეგიძის პოზიცია წინააღმდეგობაში მოვიდა მმართველი პარტიის პოზიციასთან მაშინაც, როდესაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 26 ივნისს შეუჩერა. ბიძინა გეგიძემ რამდენიმე თანაპარტიელთან ერთად ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

ყველა ახალი ამბავი
0