დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ „ამ უპასუხისმგებლო და მართლაც პროვოკაციულ განცხადებებს სიტუაციის გამწვავება გამოეწვია“.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არ დაუჭირა რა მხარი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

„რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცალსახად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მიესალმო ამას“, — განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ ამ უპასუხისმგებლო და მართლაც პროვოკაციულ განცხადებებს სიტუაციის გამწვავება გამოეწვია, რომლის მიზანიც „სწორედ სიტუაციის დესტაბილიზაცია და მძიმე ფონის შექმნა იყო“. ეს კი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას. 

ცოტა ხნის წინ ეკატერინბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო მხარს არ უჭერს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.

ამასთან, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი გამოხდომა გააპროტესტეს და „სწორედ ამ ადამიანების პატივისცემით, რუსეთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის“, არაფერს ისეთს არ მოიმოქმედებს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გაართულებდა.   

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი სანქციების დაწესების წინააღმდეგია, თუმცა დუმა განცხადებას არ გაიწვევს

მანამდე, დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო დეპუტატთა განცხადება, რომლებიც მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას სთავაზობდა. გარდა ამისა, დეპუტატები მთავრობას აძლევდნენ რეკომენდაციას, წარედგინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის შესაბამისი წინადადებები. 

რუსეთის დუმის ეს ნაბიჯი არის პასუხი ტელკომპანია „რუსთავი 2“-ის პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვებაზე, რომელმაც საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის გარდაცვლილ მშობლებს. ჟურნალისტის ამ მონოლოგის შემდეგ სოციალური ქსელი კომენტარებით აივსო. გაბუნიას გამოსვლა გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასა. ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ ქართველი ჟურნალისტის საქციელი „უპრეცედენტო სიმდაბლედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქართული რადიკალური ძალების ღია პროვოკაციაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0