მძიმე ფონი და რთული მოლაპარაკებები: რაზე ისაუბრეს ჟენევის მორიგ რაუნდზე

CC0 / Pixabay / ჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა მხარემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობაზე მიუთითა.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მძიმე იყო, აღიარეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა.

დღეს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება >>

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

„48-ე რაუნდი, შეიძლება ითქვას, ჩაიშალა ისე, როგორც წინა რაუნდები. ტრადიციულად და სამწუხაროდ, როგორც კი დადგა საკითხი დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაციამ მაშინვე დატოვა მოლაპარაკების მაგიდა. რთულ მიმდინარე საკითხებს დაემატა მძიმე ფონიც“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარსალიამ.

ამასთანავე მან მიუთითა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დამატებითი დაძაბულობა არავის არ სჭირდება.

„ყველამ უნდა ვიმუშაოთ არსებული ვითარების დეესკალაციაზე. უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ მაქსიმალურად დაიწიოს ტემპერატურამ და დაძაბულობამ ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა მან.

მძიმე ფონი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების ეს რაუნდი კიდევ უფრო დაძაბული იყო თბილისში მიმდინარე ანტირუსული მასობრივი აქციების გამო.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი იბრძოლებს საქართველოსთან აქტიური ურთიერთობებისთვის

„ჩვენ ვიგრძენით, რომ თავმჯდომარეები ღელავდნენ, რადგან არ იცოდნენ, როგორ გამოვლინდებოდა ეს, იქნებოდა თუ არა დაუფარავი კონფრონტაცია შეხვედრაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი არ არის და მიმდინარე დღის წესრიგით მუშაობის წინადადებით გამოვედით. ვისაუბრეთ უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, ადგილზე არსებულ ვითარებაზე, ძალის არგამოყენებაზე და ა.შ.“, – განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, თბილისში მიმდინარე მოვლენები მოლაპარაკებაზე არ განხილულა.

„ჩვენ არ განგვიხილავს თბილისში შექმნილი სიტუაცია, მაგრამ აღვნიშნეთ, რომ დემონსტრაციებზე რადიკალების მიერ გამოთქმული უპასუხისმგებლო განცხადებები განწყობაზე მოქმედებს. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. შემდეგ იყო დემონსტრანტების წამოძახილები – ამას შეუმჩნევლად არ ჩაუვლია“, – აღნიშნა კარასინმა.

როგორც მან განაცხადა, ჟენევაში მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი ოქტომბერში გაიმართება.

პროტესტი თბილისში

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი „პროტოკოლურ დარღვევებზე“ გააკეთა განცხადება. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ დააკავა 300-ზე მეტი ადამიანი, 240 დაშავდა, ორმა თვალი დაკარგა.

გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში >>

თბილისში განვითარებულ მოვლენებს რუსეთმა უპასუხა პირდაპირი ავიარეისების აკრძალვით, რუსმა ტუროპერატორებმა კი შეწყვიტეს განაცხადების მიღება საქართველოს საგზურებზე. ბოლო დრომდე რუსეთი საქართველოში ტურისტების რაოდენობით პირველ ადგილს ინარჩუნებდა.

ყველა ახალი ამბავი
0