რატომ განაცხადა პრემიერმა პარლამენტში მისვლაზე უარი

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა მიზანშეუწონლად მიიჩნია საპროტესტო აქციის ფონზე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგომა.

თბილისი, 27 ივნისი– Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ამ კვირაში არ გაიმართება, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე. 

აქცია - Sputnik საქართველო
„წადი!“: აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ

თბილისის ცენტრში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მთელი კვირაა იმართება. მომიტინგეებს ერთი მოთხოვნა დარჩათ – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, რომელსაც 20 ივნისს აქციის დარბევაში სდებენ ბრალს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

იმ ღამეს 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი დაშავდა. დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან პატიმრობაში სამი რჩება.

„ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც პარლამენტის, ისე მთავრობისთვის. თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ არსებულ ვითარებაში შეუძლებელია პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვა. ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობიან, სამუშაო რეჟიმში განხილვაში, გარდა საპარლამენტო უმრავლესობისა, მონაწილეობა მიიღოს ოპოზიციამაც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა, სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოხდება. საქართველოს მთავრობის მეთაური კი ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა: როდის დააკავებენ ნიკა მელიას

„ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ - ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან“, – ნათქვამია ბახტაძის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კანონმდებლების წინაშე პრემიერის სიტყვით გამოსვლა ხუთშაბათს იგეგმებოდა. რეგლამენტის თანახმად, მთავრობის მეთაური სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშს წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში წარმოადგენს.

საქართველოს საგაზაფხულო სესია 28 ივნისს დაიხურება. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი „პროცედურულ დარღვევებზე“ გააკეთა განცხადება.

ბოლო მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ.

პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს არეულობის ორგანიზების ფაქტზე. პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა. გუშინ პარლამენტმა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, პროკურატურამ კი მისი დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0