სიძულვილის ენა: „ქართულმა ოცნებამ“ ნანა კოსტავას თანამდებობა დაატოვებინა

© courtesy of Miho Neimanქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მისთვის თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნანა კოსტავა თანამდებობიდან გადააყენეს, აღნიშნულია ქუთაისის საკრებულოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ  განცხადებაში.

ნანა კოსტავამ 28 მაისს Facebook-ის საკუთარ გვერდზე სოციალური მედიის მენეჯერის სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო გაიზიარა წარწერით – „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” სალომე ბარკერს რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა. მოგვიანებით კოსტავამ ეს პოსტი წაშალა და მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.

ნანა კოსტავას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. თუმცა ის კვლავაც რჩება ფრაქციის და უმრავლესობის წევრად. ფრაქციას კი დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

მეორე მხრივ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, ის არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.

ბესო ცნობილაძე - Sputnik საქართველო
რატომ არის ქუთაისში ყოველთვის ქარი ანუ არაჩვეულებრივი გამოფენა ორი

„ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა, გამოვიყენეთ და ის გადაყენებულია ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან. მე მას ვურჩიე დაეტოვებინა საკრებულო, თუმცა უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. მისი საკრებულოდან გაშვების ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ პირადად მე არ ვაპირებ მასთან ერთად საკრებულოში ვიმუშაო“, – განაცხადა ნიკა ლატარიამ.

გარდა ამისა, ნანა კოსტავა გენდერული საბჭოდან გარიცხეს. გადაწყვეტილება საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მიიღო. საკითხს მხარი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა. საბჭომ ნანა კოსტავას ნაცვლად ახალ წევრად ანა შალიკიანი აირჩია.

მანამდე მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეპუტატის მიერ სიძულვილის ენით დაწერილი განცხადება გააპროტესტეს და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. მომხდარის გამო ნანა კოსტავას ქუთაისში მედიასაშუალებებმა ასევე ბოიკოტი გამოუცხადეს.

2017 წელს ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი დეპუტატმა ნანა კოსტავამ მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. „ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად”, – წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.

ყველა ახალი ამბავი
0