პრემიერ-მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერი საპენსიო სისტემასთან და დაკრედიტების ახალ წესებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს პარლამენტის დეპუტატების კითხვებს უპასუხებს, განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ინტერპელაციის ახალი მეთოდით ჩაივლის – როდესაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს არანაკლებ შვიდკაციანი დეპუტატების ჯგუფის კითხვებს.

პრემიერის გარდა, საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: დაკრედიტების პოლიტიკა არ გადაიხედება

ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დეპუტატების მოთხოვნით გამოცხადდება. მათ აქვთ კითხვები, რომლებიც ეხება დაკრედიტების ახალ წესებსა და საპენსიო დაგროვებით სისტემას.

ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში გამოცხადება მოისურვა საპარლამენტო უმრავლესობამ, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის - „ნაციონალურმა მოძრაობამ".

თავდაპირველად გამოვა ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც გაიმეორებს კითხვებს და დააზუსტებს აქცენტებს კითხვაში. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი უპასუხებს კითხვებს. ავტორს საშუალება ექნება, დააზუსტოს კითხვა და ამასაც პრემიერი უპასუხებს. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო დებატები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები, ისე ფრაქციები და უმრავლესობა. თითოეულს შესაბამისი დრო აქვს გამოყოფილი, განაცხადა კახიანმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, პროცესს პრემიერ-მინისტრი პარლამენტისადმი თავისი შემაჯამებელი მიმართვით დაასრულებს. ამის შემდეგ დეპუტატების წინაშე წარდგება დავით სერგეენკო, ხოლო შემდეგ - თამარ ჟვანია.

ყველა ახალი ამბავი
0