საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ტარდება

გამოწერა
19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე 410 საარჩევნო უბანზე საკუთარ პოზიციას 402 ათასზე მეტი ამომრჩეველი დააფიქსირებს

თბილისი, 19  მაისი – Sputnik. დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში არჩევნები ტარდება – მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ქვეყნის პარლამენტის დეპუტატს.

19 მაისს  თბილისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.  მთაწმინდის რაიონის  მცხოვრებლებს პარლამენტის დეპუტატის არჩევა მოუწევთ. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც  2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა  2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან. 
ამავე დღეს იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ რაიონში - ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

„ცხელი“ არჩევნები - პოლიცია ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან მთელი ღამე იმორიგევებს>>>

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მქონე 18 წლის ზემოთ ასაკის  საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც დარეგისტრირებული არიან იმ ადგილებში, სადაც არჩევნები ტარდება. 19 მაისის არჩევნებში  საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეძლებს 402 ათასზე მეტი ამომრჩეველი, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%.  ხმის მიცემა  410 საარჩევნო უბანზე  08:00 საათზე დაიწყება.
წყალტუბოსა და ტყიბულის რვა საარჩევნო უბანზე  იგეგმება ხმის ელექტრონული დათვლა. ამომრჩევლები ბიულეტენებს სპეციალურ აპარატში ჩაუშვებენ, რომელიც დაასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ავტომატურად დათვლის.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„პოლიცია რეაგირებას მოახდენს“ - შსს მოსახლეობას არჩევნების წინ აფრთხილებს

არჩევნების დღეს ამომრჩევლები ძირითადად  ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება  საკრებულოების შუალედური არჩევნები - 2 ბიულეტენს. ამასთან, ბიულეტენები დაბეჭდილია როგორც ქართულ, ისე ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე.

არჩევნებს დააკვირდება  49  ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი  და შვიდი  საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. არჩევნების პროცესს გააშუქებს  45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი.

არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად. გამარჯვებული ის კანდიდატი გახდება, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. თუ ეს არ მოხდება, დაინიშნება მეორე ტური.

რა უნდა ვიცოდეთ საქართველოში 2019 წლის 19 მაისის არჩევნებზე>>>

ძირითადი ბრძოლა წარიმართება ორ მთავარ დაპირისპირებულ ძალას შორის - მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

კენჭისყრის პირველი შედეგები, სავარაუდოდ, ორშაბათს დილით გახდება ცნობილი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგებს საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნებს.

თუ მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო, იგი ხმების დათვლის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ორ კვირაში დაინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0