სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

გამოწერა
ვარსკვლავზე წერია ჟვანიას ცნობილი ფრაზა – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს – საზეიმო ცერემონიას ტელეკომპანია Imedi პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა.

მარგველაშვილი: ზურაბ ჟვანია ყოველთვის ქვეყნის ორიენტირი იყო >>

ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაც წერია – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, რომელიც მან 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

ზურაბ ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. 1995-2001 წლებში იყო პარლამენტის სპიკერი, იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის შედეგად პრემიერ-მინისტრი გახდა.

„ქალბატონებო და ბატონებო, 20 წლის წინ, 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ამ შესანიშნავ დარბაზში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს, 20 წლის შემდეგ მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ – განაცხადა სტრასბურგში გამართულ ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ცერემონიას ესწრებოდნენ ექს-პრემიერის ქვრივი ნინო ქადაგიძე და მისი შვილები.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას საფლავი ყვავილებით შეამკო

„ჩვენთვის ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ეს ყველაფერი (საქართველოს შესვლა ევროპის საბჭოში) ჩემ თვალწინ ხდებოდა და მე ვიცი, რომ ეს კოლოსალური შრომის შედეგია, მაშინ სერიოზული პროცესები მოხდა. მაინც, როდესაც ამას აფასებენ, ეს დიდი პატივია“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მისი ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა — გამათბობლიდან გამოყოფილი მხუთავი აირით მოწამვლა.

ზურაბ ჟვანიას ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ მოედანსა და ქუჩას, ასევე ქუთაისში სახელმწიფო ადმინისტრირების უმაღლეს სკოლას, რომლის გახსნის ინიციატორი თავის დროზე თავად იყო. საქართველოს პარლამენტში, რომელშიც ის 1995 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა, მისი ბიუსტი დგას. მონუმენტი 2006 წლის 9 დეკემბერს დაიდგა, იმ დღეს ზურაბ ჟვანია 43 წლის გახდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0