პრემიერმა Georgian Airways-თან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარი გააკეთა

გამოწერა
საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ქართულ ეროვნულ გადამზიდავსა (Georgian Airways) და თურქულ ავიაკომპანია TAV Georgia-ს შორის დავის დარეგულირებაში ჩაერთვება

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია ითვალისწინებს იმას, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა იმ კომპანიის ინტერესი, რომელიც ქვეყნის ავიაბაზარზე ოპერირებს, განაცხადა პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

Georgian Airways-ი თბილისის აეროპორტთან საპროტესტო აქციას მართავს >>

ასეთი კომენტარი გააკეთა მან თურქული კომპანია TAV Urban Georgia-ს მისამართით ქართული ეროვნული გადამზიდავის Georgian Airways-ის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. TAV Urban Georgia თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველობას ახორციელებს. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა აეროპორტებში არსებულ კაბალური პირობების შესახებ, რაც ქართული ავიაციის განვითარებას აფერხებს, და თურქულ კომპანიასთან საქართველოს მთავრობის კონტრაქტის გადახედვა მოითხოვა.

„რაც შეეხება კონტრაქტის გადახედვას, არსებობს კონტრაქტი სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის და ეს სხვა მსჯელობის საკითხია, მაგრამ სტრატეგია, რომელიც აქვს შემუშავებული ეკონომიკის სამინისტროს, ვფიქრობ, ყველა კომერციული კომპანიის ინტერესშია, რომელიც ამ ბაზარზე ფუნქციონირებს“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, კომერციულ კომპანიებს შორის წინააღმდეგობების მოგვარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს.

ქართული კერძო ავიაკომპანია Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
Georgian Airways-ი თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობის „გადაყენებას“ აპირებს

„ეს არის დავა ორ კერძო კომპანიას შორის, მაგრამ ბუნებრივია, საქმე ეხება ძალიან სენსიტიურ სექტორს.... მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ სტრატეგიაში გვაქვს, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ცენტრი და მათ შორის, ბუნებრივია, ეს გულისხმობს ავიაგადაზიდვებს. მისი რაოდენობის ზრდას სჭირდება მეტი პირდაპირი რეისები“, - განაცხადა ბახტაძემ.

თურქულმა კომპანიამ, თავის მხრივ, Georgian Airways-ს დეზინფორმაციასა და კომპანიის დისკრედიტაციაში დასდო ბრალი. TAV Urban Georgia-მ განაცხადა, რომ ქართული ავიაკომპანიის დავალიანება ამ დროისთვის 9 მილიონ ლარს აღემატება და ის ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს მიუხედავად იმისა, რომ გადახდის გრაფიკი შემუშავებულია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, TAV Georgia-სა და Georgian Airways-ს შორის თანამშრომლობა 14 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში ავიაკომპანია სარგებლობდა ყველა იმ პრივილეგიით და შეღავათებით, რასაც მას ოპერატორი კომპანია სთავაზობდა.

კომპანია Georgian Airways-ს ეროვნული გადამზიდავის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის ფლობს შვიდ საჰაერო ხომალდს და საერთაშორისო ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე მისი წილი 11%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0