„ბესელიას განცხადება გაუგებარია" - ივანიშვილი მოსამართლეების ირგვლივ აჟიოტაჟს აფასებს

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა ბესელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს აღარ დაიაკვებს

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაუგებარი უწოდა.

სკანდალი მოსამართლეების გამო და ცვლილებები პარლამენტში>>>

ბესელიამ, რომელიც საქართველოში სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორია, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 27 დეკემბერს დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დეპუტატმა დაასახელა ის, რომ მისთვის მიუღებელი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურის ნაჩქარევად ჩატარება. მანამდე კი რამდენიმე დღით ადრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეების 10 კანდიდატისგან შემდგარი სია წარუდგინა დასამტკიცებლად. კანდიდატები არ მოეწონა როგორც  ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიის ნაწილს.

პარლამენტის დეპუტატები სხდომაზე - Sputnik საქართველო
„დაწუნებული“ მოსამართლეები - საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს

პარლამენტში წარდგენილი ყველა კანდიდატი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. ამასთან, ზოგიერთ მათგანს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სკანდალური განაჩენები გამოჰქონდათ. მაშინ ოპოზიცია მათ „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთის შესრულებაში სდებდა ბრალს.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა საკითხმა სკანდალი გამოიწვია, საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის განხილვის გადადების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.

„მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა. ამ ფონზე, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

დეპუტატები - Sputnik საქართველო
ახალი ფრაქცია თუ სხვა გაერთიანება – ვინ დადგება ბესელიას გვერდით

მას შემდეგ, რაც პარლამენტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა, კომიტეტის წევრებმა გამოსავალი იპოვეს და 31 დეკემბერს გედევან ფოფხაძე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მას კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობები უნდა შეესრულებინა. იმავე დღეს კი კობახიძემ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა პროცედურული დარღვევების შესახებ განაცხადეს.

ახალი წლის შემდეგ მესამე დღეს მმართველმა პარტიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხდომა გამართა.

„კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან (ეკა ბესელია - რედ.) თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო. რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ", - დასძინა ივანიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბესელიას თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში იყო მიღებული. ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა გამხდარიყო.

„აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი…გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მოსამართლეების არჩევას, დეპუტატებს კანდიდატურების განსახილველად ერთი თვე აქვთ.

თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება" რიგითი მოსამართლეების დახურული წესით დანიშვნის მომხრეა

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი სიტყვებით, დღეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში რთული ვითარებაა - მხოლოდ 10 მოსამართლე მუშაობს, 18 ადგილი კი ვაკანტურია, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები", – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს, „ქართული ოცნება", სავარაუდოდ, უკვე ჩამოყალიბდა შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებით. როგორც მმართველი პარტიის  ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დიდი ალბათობით აღნიშნულ თანამდებობას ანრი ოხანაშვილი დაიკავებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0