ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის დღეიდან სასჯელი გამკაცრდა

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, დღეიდან ამოქმედდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, მის დამრღვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე - Sputnik საქართველო
მძიმე სტატისტიკა: საქართველოში სამ წელიწადში 500-ზე მეტი ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი

კერძოდ, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე, გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისათვის.

გარდა ამისა, გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება გახდა და შესაბამისი სანქცია გამკაცრდა.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციის შესახებ" („სტამბულის კონვენცია"). დოკუმენტი ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს, რომლებიც მიმართულია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, ასევე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას.

2017 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის 2,1 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 58%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.

შსს: ოჯახში ძალადობის რისკებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა>>

2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2017 წლის მთლიან მაჩვენებელს უტოლდება. კერძოდ, გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2 804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა — 1 933 პირის მიმართ. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის ექვს თვეში დაკავებულია 1 328 პირი.

რაც შეეხება მსხვერპლთა დაცვის მიზნით გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის ექვს თვეში გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 3292-ს უტოლდება, რაც ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0