საქართველოში ოჯახური ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახური ძალადობის ჩამდენ პირს არა ჯარიმა, არამედ გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ემუქება.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში შევიდა ცვლილებების პაკეტი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების შესახებ, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე.

10 კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეა. ძირითადი ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევა.

შსს: ოჯახში ძალადობის რისკებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა>>>

ცვლილებების თანახმად, ოჯახური ძალადობა და ოჯახური ძალადობის ნიადაგზე სისხლის სამართლის კოდექსის სხვა დარღვევები ჯარიმას აღარ დაექვემდებარება. ცვლილებების მიღების შემთხვევაში დამნაშავეს ელოდება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის ან გამასწორებელი სამუშაოს სახით.

გარდა ამისა, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდება შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. ამ შემთხვევაში მას ემუქრება ჯარიმა, ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობა ან ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ქალებს ძირითადად ახლობლები კლავენ: გაეროს ანგარიშის საინტერესო დეტალები

ინიცირებული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის გაძლიერებას: პოლიცია ოჯახის წევრებს არა მარტო გააფრთხილებს ოჯახური ძალადობისთვის ბრალდებული პირის მიერ საპატიმროს დატოვების შესახებ, არამედ შეაფასებს გათავისუფლებული პირის მიერ დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკებს და მიიღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის, გამოწერს შემაკავებელ ორდერს.

კანონმდებლობის გამკაცრების მიზანია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა დანაშაულის განმეორებითი დაფიქსირებისგან.

ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი სამი მოსმენით მიიღებს, პრეზიდენტი ხელს მოაწერს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება.

ოჯახურ ძალადობაში 16 პოლიციელია მხილებული - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი>>>

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკე მუხლად გამოიტანეს. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ეს დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. კანონმდებლობის გამკაცრება ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახურ გარჩევებს 14 ადამიანი შეეწირა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შსს-მ „ოჯახური ძალადობის“ მუხლით 4 ათასზე მეტი საქმე აღძრა. ამასთან, 14 ნოემბრამდე პერიოდში 6,2 ათასზე მეტი ორდერი გამოიწერა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მოხდა შვიდი მკვლელობა და გამოვლინდა ჯანმრთელობის დაზიანების 20 ფაქტი.

ყველა ახალი ამბავი
0