საქართველოს პრეზიდენტმა ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი
გიორგი მარგველაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა იმედი გამთქვა, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი ბლოკის "ჩემი ნაბიჯი" გამარჯვება მიულოცა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს და სომხეთის მჭიდრო ურთიერთობების ფორმულა ახსნილია|>>>

კვირას, 9 დეკემბერს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლიდერობს ბლოკი „ჩემი ნაბიჯი", რომელმაც ხმების 70,44% მოიპოვა. მეორე ადგილზეა „აყვავებული სომხეთი" (8,27%), ხოლო მესამე ადგილი პარტია „განათლებულმა სომხეთმა" მოიპოვა – 6,37%.

როგორც მარგველაშვილმა ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთის დემოკრატიულ განვითარებაზე დადებითად აისახება.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - Sputnik საქართველო
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ნიკოლ ფაშინიანს იმ რეფორმების გზაზე, რომელიც სომხეთში იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.

ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში და განაცხადა, რომ სომხეთი დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნისა და საიმედო პარტნიორის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილისა და ფაშინიანის პირველი შეხვედრა თბილისში მაისის ბოლოს გაიმართა, როდესაც სომხეთის პრემიერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.

 

ყველა ახალი ამბავი
0