09:59 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
ლევან იზორია

შეიარაღება და განათლება - ლევან იზორიამ მუშაობის შედეგები შეაჯამა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (135)
59 0 0

საქართველო ქვეყნის ფართობისა და რელიეფის გათვალისწინებით თავდაცვის ახალ სისტემაზე გადავა

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის მთავარი პრიორიტეტები იყო სამხედრო წვრთნები, განათლება, ბიუჯეტის რაციონალური განაწილება, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება და სოციალური მხარდაჭერა, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ სამინისტროს წლიური მუშაობის შეჯამებისას.

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამხედოები, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერი უნდა გახდეს, რომ პოტენციურ აგრესორს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში მიიღებს ადეკვატურ პასუხს,  დიდი პოლიტიკური და სამხედრო ფასი დაუჯდება“, – განაცხადა იზორიამ.

იზორია სამინისტროს სათავეში 2016 წელს ჩაუდგა. მაშინ თავდაცვის ბიუჯეტის არაპროპორციული ხარჯების გამო მან უკმაყოფილება გამოთქვა.

იზორიას კომენტარი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ >>

„თავდაცვის ბიუჯეტის 20% მიმართულია ძირითადი შეიარაღების შეძენაზე. თავდაცვის ბიუჯეტის 66%, რომელიც მიმართული იყო პერსონალურ დანახარჯებზე შემცირდა 53%-მდე და უკვე ვაკმაყოფილებთ ამ კონტექსტში ნატოს სტანდარტს. თავდაცვის მიმართულებით კი, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იხარჯება. ამ ბიუჯეტის რაციონალურად დანაწილება იყო მთავარი ამოცანა, რაც წელს, ნატოს სტანდარტების შესაბამისად განვახორციელეთ“, - განაცხადა იზორიამ.

2015 წლის ზაფხულში საქართველომ საფრანგეთთან საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე ორი შეთანხმება გააფორმა. 2017 წლის დეკემბერში მოწოდებულია რადიოლოკაციური სადგურები და მართვის მობილური ცენტრები. მიმდინარე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ სარაკეტო სისტემა MBDA-ს ფრანგულმა მწარმოებელმა საქართველოს ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადმოსცა. იზორიას თქმით, მსგავსი სისტემების შესყიდვების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

ივლისში იზორიამ შესთავაზა ქვეყნის შეიარაღებული ძალები გადავიდეს მცირერიცხოვანი ავტონომიური ქვედანაყოფების სისტემაზე, რაც გულისხმობს როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი ტექნიკის თანაბარ განაწილებას, რათა საჭიროების შემთხვევაში ბატალიონებისა ან ასეულების მეთაურებმა გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

საქართველო და ისრაელი სამხედრო თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან >>

თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყნის ფართობსა და რელიეფს ითვალისწინებს.

„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, აუცილებელია, რომ შეიარაღებული ძალები იყოს ადეკვატური ამ საფრთხეების როგორც ორგანიზაციის, ისე საბრძოლო შესაძლებლობების კუთხით. როდესაც საბრძოლო შესაძლებლობებზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს მეტი მობილობა ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, მეტი ავტონომიურობა ცალკეული ქვედანაყოფებისთვის და დეცენტრალიზაციისა და ამოცანების მართვის კულტურის მაღალი ხარისხი ცენტრალიზებული მართვის პირობებში“, - განაცხადა მან.

იზორია ასევე სარეზერვო სამსახურის ახალ სისტემას შეეხო. ხელისუფლება მის შექმნაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, და მიმდინარე წლის სექტემბერში საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. ამგვარად, საქართველოში ორი სახის რეზერვი გაჩნდა - აქტიური და სამობილიზაციო.

სამობილიზაციო რეზერვი, აქტიურისგან განსხვავებით, სავალდებულო ხასიათისაა. მისი მიზანია შეიარაღებული ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება. აქტიური რეზერვი შედგება შეიარაღებული ძალების რეზერვისგან, ტერიტორიული რეზერვისა და სპეციალისტების რეზერვისგან.

„წელს საპილოტე პროექტის სახით ახალი სარეზერვო სისტემა შევქმენით, რომელიც ერთი თვის წინ ამოქმედდა. და ჩვენ ვგეგმავთ შევიმუშაოთ გრძელვადიანი სტრატეგია 10 წლისთვის, სადაც ამ სისტემას ქმედითი განხორციელების ინფრასტრუქტურა ექნება“, - განაცხადა მან.

იზორიას თქმით, 2019 წელს, როგორც 2018 წელს, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოში ერთობლივი მრავალეროვანი სამხედრო წვრთნების გამართვა იქნება.

თავდაცვის მინისტრმა ყველა სამხედროს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები და შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ანგარიშები ყოველწლიური გახდება.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (135)

მთავარი თემები