„სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ" – ზურაბიშვილი ოპოზიციას მიმართავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას არჩევნებში მისი გამარჯვების აღიარებისა და ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარების წინააღმდეგ გამოვიდნენ ოპოზიციურ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია" შემავალი პარტიები, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ამ პარტიის წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე არჩევნების მეორე ტურში.

გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარებას საფრთხე ემუქრება?

„ეს დემოკრატიის პირველი წესია: როდესაც არჩევნებს აგებ, ვინც არ უნდა იყოს არჩეული – პრეზიდენტი თუ დეპუტატი – ის უნდა აღიარო. ესაა დემოკრატია, როდესაც წაგებას აღიარებ და სუფთა ფურცლიდან იწყებ. მე მზად ვარ სუფთა ფურცლიდან დავიწყო და ჩემთან ერთად ყველას მოვუწოდებ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა „პატრიოტთა ალიანსის" წევრის გიორგი ლომიას განცხადებაზე, რომელმაც არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„მე არ ვთვლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა მართავდეს ინაუგურაციას. ის არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია მას არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოუცხადა ჩვენმა მოსახლეობამ", – განაცხადა გიორგი ლომიამ.

ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება, ის არ დაესწრება.

„მე პარტიის პოზიციაზე ვერ ვილაპარაკებ. თუ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებიდან ვინმე წავა, ეს მისი საქმეა", – აღნიშნა ლომიამ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციურმა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" მხარდაჭერა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0