კახეთში „ევროპული საქართველო“  პარტიის ათამდე წევრმა დატოვა

© SPUTNIK / DENIS ASLANOV„ევროპული საქართველოს“ სიმბოლიკა
„ევროპული საქართველოს“ სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები მეორე ტურამდე აქტიურ მუშაობას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააგრძელებენ.

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. გურჯაანში ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დღეს 10-მდე წევრმა დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ევროპული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრების განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია და მეორე ტურამდე აქტიურ მუშაობას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააგრძელებენ.

„ევროპული საქართველოს“ ოფისი - Sputnik საქართველო
რატომ დატოვეს გორელმა და ზუგდიდელმა დეპუტატებმა „ევროპული საქართველო“

„ჩვენ არ გვინდა სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება. ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ და კლავდნენ მოქალაქეებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ბაქრაძის პარტია ცალკე იყო, თუმცა გაირკვა, რომ ისინი კვლავ ერთად მოქმედებდნენ“, - განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა.

იგივე მიზეზის გამო „ევროპული საქართველო“ 10 ნოემბერს გორის და ზუგდიდის საკრებულოების დეპუტატებმა დატოვეს.

რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის“ დამაარსებელმა და ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ოჯახია.

ყოფილი თანამოაზრეები მას შემდეგ შერიგდნენ, რაც „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც არჩევნებზე ხმების 11% მოიპოვა, თავის მომხრეებს მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ წევრი და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელია.

„ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“: „ნაცმოძრაობის“ და „ევროპელების“ შერიგება >>

„ევროპული საქართველო“ 2017 წლის დასაწყისში „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა შექმნეს, რომლებმაც პარტია სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვეს. სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველო 2013 წლის ბოლოს დატოვა და თავის თანამოაზრეებს უცხოეთიდან მოძღვრავდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს მხარს.  პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა.

ყველა ახალი ამბავი
0