საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო დეკემბერში გაიხსნება

გამოწერა
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში ფუნქციონირებას დაიწყებს საუდის არაბეთის საელჩო, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა>>>

როგორც საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქართული მხარისადმი გამოგზავნილ ოფიციალურ ნოტაშია აღნიშნული, საუდის არაბეთის საელჩოს დიპლომატთა ჯგუფი საქართველოს დეკემბრის დასაწყისში ეწვევა.

„საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის, საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და სწორედ ამ მიზნით 2014 წელს საუდის არაბეთში, ქალაქ ერ-რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი", – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ტურისტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდროა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2017 წელს საქართველოს საუდის არაბეთის 60 ათასამდე მოქალაქე ეწვია. მიმდინარე წლის ივნისიდან კი ქართულ ბაზარზე საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Flynas შემოვიდა, რომელიც თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისებს საუდის არაბეთის უმსხვილესი ქალაქებიდან – ერ-რიადიდან, ჯედადან და დამამიდან კვირაში სამჯერ ახორციელებს.

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩის პოსტზე 2018 წლის 5 ნოემბრიდან ვახტანგ ჯაოშვილი დაინიშნა, რომელიც ასევე შეუდგება ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას. მანამდე აღნიშნული თანამდებობა გიორგი ჯანჯღავას ეკავა (2014. 02.09 - 2018. 05.11).

 

ყველა ახალი ამბავი
0