ამომრჩევლისთვის მსხვერპლად შეწირული კანონპროექტი: კობახიძემ მიზეზები დაასახელა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის უმოკლეს ვადაში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის თხოვნით იქნა მიღებული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

დღეს საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა აღნიშნული კანონპროექტი იყო.

ილია მეორესთან შეხვედრის შედეგები: კანაფის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ>>>

საკანონმდებლო ორგანოდან აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა იყო მოძრაობა „ქართული მარშის" მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლებისთვის წაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნაც.

ის, რომ ზურაბიშვილმა პირველ ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვა და განსაკუთრებით ის, რომ მისმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიღებული ხმების რაოდენობით ლამის გაუსწრო ზურაბიშვილს, "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელობა აღმოჩნდა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას" პირობები წაუყენეს – დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული მარში" ზურაბიშვილს?

სახელმწიფოს პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ საკუთარი ხალხის ხმა გაიგონეს, რომელმაც ამ არჩევნების გზით ხელისუფლებას არსებულ პრობლემებსა და შეცდომებზე მიუთითა. პირველ ეტაპზე, არჩევნების მეორე ტურისთვის მმართველი პარტია საკუთარი რესურსის სრულ მობილიზებას და შემდეგ ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების მუშაობის ხარისხის ამაღლებას გეგმავს.

„ჩვენ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მივიღეთ. გუშინ შიგნით სხვადასხვა პოზიციები იყო. ჩვენ ჯერ კიდევ თავიდან განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის, ანდა ეკლესიასთან შეთანხმების საფუძველზე იქნება მიღებული. ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. საუბარი მიდიოდა ვადებზე, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრინციპული პოზიცია დააფიქსირა, რომ საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ ეს გადაწყვეტილება ახლა მივიღეთ", – განაცხადა კობახიძემ.

მისი სიტყვებით, გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებისა და ეკლესიის განწყობაც იქნა გათვალისწინებული.

ივანიშვილი მარიხუანის ექსპორტის უპირატესობაზე საუბრობს>>>

„რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ეკლესიის და სხვა კონფესიების პოზიცია და ზოგადად საზოგადოების განწყობა. ეს გადაწყვეტილება გაფორმდება მთავრობის სხდომაზე, თუმცა, ტექნიკურად დღეს ვერ მოესწრება", – განაცხადა კობახიძემ.

მთავრობამ სექტემბრის შუა რიცხვებში შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც კანაფის მოყვანის, მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების და ექსპორტზე მისი გატანის წესებს ეხება. აღნიშნულმა ინიციატივამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ოპოზიციის და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. მოგვიანებით პარლამენტმა კანონპროექტის განხილვის ორი თვით გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით მმართველი პარტიის ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარიხუანის კულტივაციის წყალობით საქართველოს მილიარდ დოლარზე მეტის მიღება შეუძლია.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა ჩატარდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0