კალაძე: ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი გახდება

© press-service of the Georgian Dream"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალმა პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგი უნდა აღადგინოს, მიაჩნია ზურაბიშვილს.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ზეპარტიული მეთაური გახდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილი: შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში>>>

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში პრეზიდენტობის 25-მა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია. „ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელა და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

„ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს. ამ არჩევნებით ჩვენ უნდა დავნერგოთ ახალი, ჯანსაღი და დემოკრატიული კონსტიტუციური ტრადიციები. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი", – განაცხადა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს

მისი სიტყვებით, ზურაბიშვილი იზიარებს იმ ფასეულობებს, რაზეც "ქართული ოცნება" დგას.

„ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პრინციპულობასა და უპრინციპობას, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას, „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის", – აღნიშნა კალაძემ.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის აუცილებლობაზე და ამ პროცესში ქვეყნის მეთაურის როლზე.

„ყველაზე დიდ ხარვეზად მე მიმაჩნია ის, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი არ იყო სათანადო დონეზე. ბევრი რამ, რაც გაკეთდა, არ იყო მიტანილი საზოგადოებამდე. ბევრი პრობლემა, რაც საზოგადოებაშია, არ იქნა მოტანილი ხელისუფლებამდე. ამ დიალოგის აღდგენა არის ერთ-ერთი ის ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი უნდა იყოს მედიატორი, რომელიც საზოგადოების მხარეს იქნება", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ოდა გულგრილი ამომრჩევლისთვის – რას გვპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები>>>

„ქართული ოცნება" ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა, რითიც დასრულდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდი.

საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო მეთაური 2013 წლის ნოემბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" გახდა. მან აღნიშნულ პოსტზე მიხეილ სააკაშვილი შეცვალა. თუმცა, პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულების დასაწყისშივე მარგველაშვილსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობები დაიძაბა, რომელიც დღემდე გრძელდება.

2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0