ისრაელის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ეწვევა

გამოწერა
მიმდინარე წლის მაისში საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი დღეს საქართველოს ეწვევა პირველი ოფიციალური ვიზიტით, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს.

ისრაელის თავდაცვითი არმიის წვევამდელები ფიცის დადებისას - Sputnik საქართველო
ისრაელის არმიის საბრძოლო ნაწილებში გოგონების რეკორდული რაოდენობა იმსახურებს

„ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ", — ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ავიგდორ ლიბერმანი გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში თელ-ავივში საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა ლევან იზორიამ და ავიგდორ ლიბერმანმა ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების სფეროში.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა ფორმატში. 2018 წლის პირველ ორ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 5,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0