აშშ–დან სამხედრო ტექნიკა საქართველოში ჩამოვიდა

© FB / Ministry of Defence of Georgiaსამხედრო ტექნიკა
სამხედრო ტექნიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოში 1–5 აგვისტოს ჩატარდება. სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“, რომელსაც საქართველო და აშშ ხელმძღვანელობენ

თბილისი,  26 ივლისი — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯავშანმანქანა Stryker–ი,  ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley,    M1A2 ტიპის ტანკი Abrams–ი  და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა მრავალეროვნულ  „ღირსეული პარტნიორი 2018“–ის  (Noble Partner) სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად ფოთში შევიდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთში რუმინეთის კონსტანცას პორტიდან შევიდა. ფოთიდან ტექნიკის ნაწილი ვაზიანის სამხედრო პოლიგონის  მიმართულებით, სადაც „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები ჩატარდება,  სამხედრო მატარებლის საშუალებით, ნაწილი კი — თვითსვლით გადაადგილდება.  

საქართველოში სამხედრო ტექნიკასთან ერთად,  სწავლებაში მონაწილე აშშ–ის ევროპის სარდლობის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა  ჩამოვიდა. სამხედროები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ. დანარჩენი სამხედროები კი საქართველოში ეტაპობრივად 31 ივლისამდე ჩამოვლენ.

ამასთან, აშშ–ის ევროპის სარდლობის ვებ–გვერდზე ნათქვამია, რომ სწავლებებში მონაწილეობას მიიღებს ამერიკული ავიაცია, კერძოდ,  ცხრა ერთეული ვერტმფრენი –  Black Hawk და  Apache.

სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოში 1–5 აგვისტოს ჩატარდება. სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“, რომელსაც ტრადიციულად, საქართველო და აშშ ხელმძღვანელობენ. 

სწავლების მიზანი წელს არის სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს სამი ათასზე მეტი სამხედრო საქართველოდან, აშშ–იდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ჩართული იქნება აშშ–ის ავიაცია და გერმანული ჯავშანტექნიკა.

საქართველოში „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეოთხედ ტარდება. 2017 წელს მასში მონაწილეობა მიიღო 2,8 ათასზე მეტმა სამხედრომ საქართველოდან, აშშ–დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვაკეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.


ყველა ახალი ამბავი
0