06:16 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
საქართველოს მთავრობა

კანონი ამოქმედდა - საქართველოს უკვე ნაკლები მინისტრი ჰყავს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (108)
108 0 0

საქართველოში სამინისტროების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ რეორგანიზაცია იმ სამინისტროებში, რომელთა უფლებამოსილება გაიზარდა, კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. შესწორებები კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ", რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრების შემცირებას გულისხმობს, ამოქმედდა — დოკუმენტი გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე.

ამიერიდან საქართველოს 13-ის ნაცვლად ათი მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი ჰყავს. თუმცა, რეორგანიზაციის პროცესი იმ უწყებებში რომლებსაც ახალი ფუნქციები დაემატა, სამი თვე გაგრძელდება.

შესწორებების თანახმად, შეიქმნა ახალი სამინისტრო — განათლების, კულტურისა და სპორტის, რომელიც შეითავსებს ამჟამად არსებული ორი უწყების — განათლებისა და მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროების ფუნქციებს.

ამას გარდა, იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც შეითავსებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციების ნაწილს. ფუნქციების ნაწილის შესრულება კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისრება.

ფუნქციები, რომლებიც ეხება მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებს, გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის საკითხებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ითავსებს.

კანონის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. იუსტიციის სამინისტროში შეიქმნება სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელიც ამ სამინისტროს ფუნქციებს შეასრულებს.

რეფორმა ეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც. სივრცობრივი განვითარების საკითხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოვალეობაში გადადის.

სამინისტროები, რომლებსაც რეორგანიზაცია შეეხო, საბოლოო სახეს, სავარაუდოდ, ოქტომბერში, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ჩამოყალიბების პროცესში მიიღებენ.

ამასთან, იმ სამინისტროებისთვის განკუთვნილ დაფინანსებას, რომელთა გაუქმებაც არის დაგეგმილი, 2018 წლის ბოლომდე მიიღებენ ის სამინისტროები, რომლებიც მათ ფუნქციებს შეითავსებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას უკვე წარუდგინა მინისტრობის ახალი კანდიდატები.

მინისტრთა კაბინეტში მინისტრის პორტფელს ახალი სახეები ჩაიბარებენ:

  1. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი
  3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია
  4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი

დანარჩენი მინისტრები რჩებიან იმ პოსტებზე, რომელსაც აქამდე იკავებდნენ.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.

მინისტრების რაოდენობის შემცირება გათვალისწინებული იყო „მცირე მთავრობის" კონცეფციით.

თემები:
საქართველოს მთავრობა (108)

მთავარი თემები